ხმაური და დაპირისპირება იყო წუხელ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები პროტესტის ნიშნად ღამეს ათევდნენ.
როგორც სტუდენტები ამბობენ, მათ დაცვის თანამშრომლებმა უნივერსიტეტის შიდა სივრცეში გადაადგილება აუკრძალეს, რაც სტუდენტებმა გააპროტესტეს, სწორედ ამას მოჰყვა ხმაური და დაპირისპირება.
„აუდიტორიიდან ცხვირი არ გამოყოთო, მხოლოდ საპირფარეშოში თუ გახვალთო, ამის გასაპროტესტებლად გადავწყვიტეთ, რომ გავსულიყავით რაღაც ლოკაციებზე, დავმდგარიყავით უბრალოდ, მოვარდნენ და ფიზიკური შეხება დაიწყეს…
დაგვიზარალდა ორი გოგონა და ერთი ბიჭი. მათ შემთხვევაში ერთ-ერთს დაემართა ემოციური შოკი, ერთ-ერთი გოგონა კი წააქციეს და წიხლები ურტყეს, ბიჭი რასაც ჰყვება არის ის, რომ ასთმური შეტევა დაეწყო, წაიქცა და თავი დაარტყა. ამ წუთას ყველა კარგადაა“, – ამბობს „დაფიონის“ წევრი, ზვიად ცეცხლაძე, რომელიც პროტესტის ნიშნად თსუ-ის პირველ კორპუსში ათევდა ღამეს.
სტუდენტების თქმით, სასწრაფოს გამოძახებაც გახდა საჭირო.
როგორც სტუდენტები ამბობენ, დაცვის თანამშრომლების გარდა, უნივერსიტეტის შენობაში იმყოფებოდნენ უცნობი პირები, რომლებსაც ფორმა არ ეცვათ და მათი შეკითხვების მიუხედავად, ვერ გაარკვიეს, ვინ იყვნენ ეს ადამიანები.
სტუდენტების მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ პირს, რომელსაც დაცვის ფორმა არ აცვია, ვინაობას ეკითხებიან და შენობაში ყოფნის მიზეზს, თუმცა ის სახეს იფარავს და პასუხს არ სცემს.
მომხდართან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის მისაღებად, „პუბლიკა“ თსუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა.
თსუ-ში განმარტავენ, რომ სტუდენტები ღამით სხვა აუდიტორიების დაკავებას და დილით სასწავლო პროცესის ჩაშლას ცდილობდნენ, რისი შესაძლებლობაც მათ უნივერსიტეტის დაცვამ არ მისცა.
რაც შეეხება არაუფლებამოსილი პირების უნივერსიტეტში ყოფნას, უნივერსიტეტში ამბობენ, რომ თსუ-ს დაცვასთან ერთად იმყოფებოდნენ დაცვის კერძო კომპანია „ვიქტორია სექურითის“ თანამშრომლები, რომელთანაც უნივერსიტეტს ხელშეკრულება აქვს გაფორმებული და საჭიროების შემთხვევაში (მაგალითად, ფართომასშტაბიანი ღონისძიებების გამართვისას) უნივერსიტეტის დაცვასთან ერთად მუშაობენ.
20 ნოემბერს, გამთენიისას სტუდენტები თსუ-ის I კორპუსში შევიდნენ. ისინი რექტორის, ჯაბა სამუშიას გადადგომას მოითხოვენ. დაახლოებით 24 სტუდენტი პროტესტის ნიშნად ღამეს თსუ-ის 023 აუდიტორიაში ათევს.
სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის ნაწილის პროტესტი მედიაში გავრცელებულ კადრებს მოჰყვა, სადაც ჩანს, როგორ შედიან თსუ-ის პირველ და მეორე კორპუსებს შორის არსებულ ჭიშკარში სპეცრაზმელები (სავარაუდოდ, გამთენიისას) და იკავებენ უნივერსიტეტის ტერიტორიას. დღეს განმავლობაში სოციალურ ქსელში არაერთი პოსტი გავრცელდა, როგორც პროფესორების, ასევე სტუდენტების მხრიდან, რომლებიც ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით უნივერსიტეტის რექტორს, ჯაბა სამუშიას განმარტებას სთხოვდნენ.