ისაკო დევიძე, რომელსაც 8 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა აქვს შეფარდებული, კლინიკა ვივამედში გადაჰყავთ.
როგორც პუბლიკას მისმა ადვოკატმა უთხრა, იზოლატორიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ სასწრაფო გამოიძახეს და ისაკო დევიძე კლინიკაში გადაჰყავთ, ადვოკატი ამ წუთებში მიემართება „ვივამედისკენ”.
შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქციაზე დაკავებულმა ისაკო დევიძემ, რომელსაც 8-დღიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული, მშრალი შიმშილობა დაიწყო.
„რუსული რეჟიმის მიერ საპროტესტო მოძრაობისას დაკავებული და დევნილი ყველა ადამიანის მიმართ სოლიდარობის ნიშნად ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორში ვაცხადებ მშრალ შიმშილობას!
რუსებმა რომ ვერ წაგვართვან სამშობლო, ყველამ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში უნდა ვიბრძოლოთ რეჟიმის წინააღმდეგ. საქართველო გაიმარჯვებს!” – თქვა მან.
19 ნოემბერს, საპროტესტო აქციაზე მას შემდეგ, რაც პოლიციამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია დაიკავა და დემონსტრანტებმა მელიქიშვილის გამზირზე გადმოინაცვლეს, პოლიციამ ჟურნალისტებზე ფიზიკურად იძალადა.
დააკავეს 16 ადამიანი.
15 მათგანს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან – წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას. ერთს – მათე დევიძეს კი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს – „პოლიციელზე თავდასხმას და ჯოხის დარტყმით სხეულის დაზიანების მიყენებას”.
20 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ სამი დაკავებულის საქმე განიხილა: ირაკლი ანდღულაძეს მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა 2700-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
ორს – ისაკო დევიძეს და დავით წოწორიას მოსამართლე კობა ჩაგუნავამ 8-8 დღიანი პატიმრობა შეუფარდა.