„ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო...“ - პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე

პუბლიკა

„ბარემ ეთქვათ ყველას დაგიჭერთო … ესეც კიდევ ერთ და მთავარ კონსტიტუციის პრინციპის – მანიფესტაციის და შეკრების უფლების – დარღვევა! რა მნიშვნელობაა კანონით თუ დადგენილებით ზღუდავენ ამ უფლებას! მუქარაც არაფერში ჯდება… რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია!“,– ასე გამოეხმაურა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შსს-ს დღევანდელ განცხადებას facebook პირად გვერდზე.

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომლითაც დღეს დაგეგმილი აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს აფრთხილებს, რომ არ გასცდნენ შეკრება/მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს და თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია მიიღებს ყველა შესაბამის სამართლებრივ ზომას უკანონო ქმედების აღსაკვეთად.“

„გარდა ამისა, კანონით პირდაპირ აკრძალულია სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირება, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის თანახმად დასჯად ქმედებას წარმოადგენს. ამ დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსი სასჯელის სახით ითვალისწინებს, თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, ხოლო თუ ქმედება ჯგუფურადაა ჩადენილი – ჯგუფის წევრების მიმართ თავისუფლების აღკვეთას 4 წლამდე ვადით.

ამასთან, საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2024 წლის 23 ოქტომბრის საქართველოს მთავრობის №361 დადგენილებით დადგინდა სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხა, რომელთა შორის არის საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის ადმინისტრაციის შენობები“,- ნათქვამია განცხადებაში.

დღეს, 24 ნოემბერს თბილისში დაგეგმილია ოთხი საპროტესტო მარში.

15:00 საათზე, თავისუფლების მოედნიდან დაიწყება ქალთა მოძრაობისა და ქალთა ინტერპარტიული ჯგუფის ორგანიზებული მარში.

17:00 საათზე, გაიმართება პროფესორ-მასწავლებლების მარში ილიას სახელმწიფო უნვიერსიტეტიდან ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტამდე.

17:00 საათზე, გაიმართება სახელოვნებო პროტესტი, მონაწილეები რუსთაველის მეტროდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმართულებით გამართავენ მსვლელობას.

21:00 საათზე, ოპოზიციური პარტიების აქცია დაიწყება რესპუბლიკის მოედანზე, საიდანაც პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლებენ და ღამით დარჩებიან.