საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან კარვები გაშალეს

პუბლიკა

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან კარვები გაშალეს.

აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, აქციაზე მყოფები პარლამენტთან ღამის გათევას გეგმავენ.

ამ დროისთვის, პარლამენტის ყველა შესასვლელთან პოლიციაა მობილიზებული.

„დღეს აქ შეკრებით ვამბობთ, რომ რაც არ უნდა შეიკრიბონ ხვალ ამ შენობის შიგნით, ეს არის თვითმარქვია ადამიანების შეკრება და ჩვენი მხრიდან არასდროს ექნება

ლეგიტიმაცია და ნდობა! თუ სადმეა ლეგიტიმაცია, არის ხალხში! ისინი არღვევენ კონსტიტუციას, ჩვენ კი ვიცავთ ეროვნულ ინტერესებს. ისინი რუსულ ინტერესებს ატარებენ, ჩვენ კი გვინდა ერთიან და ძლიერ საქართველოში ვცხოვრობდეთ, იქ, სადაც ყველა ადამიანს აქვს საკუთარი თავის რეალიზების საშუალება, სადაც ყველა თავისუფალია კანონის წინაშე და ხელისუფლება ხალხზე არ ძალადობს.

ბევრი ძნელბედობის პერიოდი გავიარეთ, მაგრამ აქ იმისთვის ვდგავართ, რომ აუცილებლად მივიყვანოთ ეს ბრძოლა ბოლომდე. რაც არ უნდა მოხდეს, როგორც არ უნდა მოიქცეს თვითმარქვია “ქართული ოცნება”, ჩვენ ჩვენს სათქმელს ყოველთვის ვიტყვით, ბოლომდე მივიყვანთ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ აქ ვართ, ღამეც აქ დავდგებით, ვაჩვენებთ, რომ უშრეტი ენერგია გვაქვს! “,- მიმართა აქციის მონაწილეებს „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

აქციის მონაწილეები 21 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ საიდანაც ავტომობილების კოლონით სურდათ პარლამენტისკენ მსვლელობა, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა.

პოლიციის განმარტებით, რუსთაველის გამზირი საავტომობილო მოძრაობისთვის გადაკეტილია, ამიტომ მათ შეეძლოთ ფეხით განეგრძოთ მსვლელობა.

ხვალ, 25 ნოემბერს, 12 საათზე, პარლამენტის პირველი სხდომაა დაგეგმილი. ოპოზიციურმა პარტიებმა და სხვადასხვა საპროტესტო მოძრაობამ დღეს, 21:00 საათზე დააანონსეს აქცია, რომელიც დაიწყო რესპუბლიკის მოედანზე, საიდანაც მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეა და ღამით იქ დარჩენას გეგმავენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს გაავრცელა განცხადება, რომლითაც დაგეგმილი აქციის მონაწილეები და ორგანიზატორები გააფრთხილა, რომ „არ გასცდნენ შეკრება/მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს და თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან“.