საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს, რომ „საქართველოს პარლამენტის სხდომა არაკონსტიტუციურია”.
მისი თქმით, არჩევნების მასობრივმა გაყალბებამ მის ლეგიტიმურობას ძირი გამოუთხარა.
„საქართველოს პარლამენტის სხდომა არაკონსტიტუციურია:
1. არჩევნების მასობრივმა გაყალბებამ მის ლეგიტიმურობას ძირი გამოუთხარა;
2. მე უარი ვთქვი პირველი სხდომის მოწვევაზე და კონსტიტუცია არავის ცნობს ჩემს შემცვლელად.
3. ჩემი მიმართვა საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვის მოლოდინშია”, – წერს ზურაბიშვილი.
დღეს, 25 ნოემბერს 12:00 საათზე ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომაა ჩანიშნული.
კონსტიტუციით გათვალისწინებულია, რომ პარლამენტის პირველ სხდომას პრეზიდენტი იწვევს, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების შედეგები არ აღიარა და საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.
ამის მიუხედავად, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან მე-10 დღეს XI მოწვევის პარლამენტი იკრიბება. პირველ სხდომაზე მოისმენენ ცესკოს თავმჯდომარის მოხსენებას და შეიქმნება სამანდატო კომისია, რომელმაც უფლებამოსილების ცნობისთვის არჩეული დეპუტატების სია უნდა შეადგინოს.
კონსტიტუციონალისტები ამბობენ, რომ სანამ არჩევნების შედეგები, შესაბამისად, 150-ვე დეპუტატის არჩევის კანონიერება საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული, დეპუტატების უფლებამოსილების ცნობა უკანონოა.
ამას არეგულირებს პარლამენტის რეგლამენტის 86-ე მუხლი.
საპარლამენტო არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტი და ოპოზიციონერი დეპუტატები ასაჩივრებენ.
კონსტიტუციონალისტების შეფასებით, თუ საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებამდე პარლამენტი კენჭს უყრის დეპუტატების უფლებამოსილების ცნობას, ასეთ პარლამენტს ლეგიტიმაცია ვერ ექნება.