„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აცხადებს, რომ 25 ნოემბერს დაანონსებული ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა და მის მიერ პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობა „საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის აშკარა და უხეში დარღვევაა“.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ პრეზიდენტს არ მოუწვევია პარლამენტის პირველი სხდომა, ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებულია არჩევნების კონსტიტუციურობა და 150 წევრის არჩევის კანონიერება. პრეზიდენტის გარდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა პარლამენტის 30-მა წევრმა.
„საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის თანახმად, პარლამენტის პირველ სხდომას ნიშნავს პრეზიდენტი. ამავე მუხლის თანახმად, პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა ორი მესამედის (100 წევრის) უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან. პარლამენტის რეგლამენტის 86-ე მუხლის თანახმად, პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობის თაობაზე პარლამენტის დადგენილებაში არ შეიტანება იმ პირის გვარი, რომლის პარლამენტის წევრად არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში. უნდა აღნიშნოს, რომ 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებული პარლამენტის არჩევნები მოქალაქეთა დაშინების, იძულების, ტოტალური კონტროლისა და ხმის ფარულობის მასობრივი დარღვევის ფონზე მიმდინარეობდა. სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა საერთო სასამართლოებში ასეულობით სარჩელი წარადგინეს ცალკეულ უბნებსა და ოლქებში არჩევნების შედეგების ბათილობის მოთხოვნით. არჩევნების შედეგების გამოცხადებას მოსახლეობაში დიდი პროტესტი მოჰყვა, რომელიც ამ დრომდე გრძელდება. არჩევნების შედეგი არ ცნო საერთაშორისო საზოგადოებამ. ევროკომისიამ განაცხადა, რომ საქართველოში სპეციალურ მისიას გამოაგზავნის, რომელიც საარჩევნო დარღვევებს შეისწავლის“, – წერია განცხადებაში.
დღეს, 25 ნოემბერს 12:00 საათზე ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომაა ჩანიშნული. პარალელურად საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.