მამუკა მდინარაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე და ირაკლი ღარიბაშვილი საპარლამენტო მანდატებს ტოვებენ. ამის შესახებ მან დღეს პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.
„ეს ადამიანები, როგორც ჩემთვის ცნობილია და არ არის მე მგონი დასამალი, ბატონი ბიძინაც, ბატონი ირაკლიც, ბატონი ირაკლიც, ეს ადამიანები პარლამენტში დარჩენას არ აპირებენ. ისინი არიან წარმომადგენლები ჩვენი პარტიის, ხელმძღვანელები: საპატიო თავმჯდომარე, პოლიტიკური მდივანი, თავმჯდომარე და ა.შ. და ისინი საპარლამენტო სიაში იყვნენ როგორც ეს წესია, რიგია და ისინი ტოვებენ საპარლამენტო მანდატებს”, – განაცხადა მდინარაძემ.
XI მოწვევის პარლამენტმა დღეს 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო.
კონსტიტუციონალისტები ამბობენ, რომ, სანამ არჩევნების შედეგები, შესაბამისად, 150-ვე დეპუტატის არჩევის კანონიერება საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული, დეპუტატების უფლებამოსილების ცნობა უკანონოა.
ამას არეგულირებს პარლამენტის რეგლამენტის 86-ე მუხლი.
საპარლამენტო არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტი და ოპოზიციონერი დეპუტატები ასაჩივრებენ.
კონსტიტუციონალისტების შეფასებით, თუ საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებამდე პარლამენტი კენჭს უყრის დეპუტატების უფლებამოსილების ცნობას, ასეთ პარლამენტს ლეგიტიმაცია ვერ ექნება.