ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ საპარლამენტო სიის ჩახსნის მოთხოვნაზე განაცხადი შეიტანა. მისი თქმით, ცესკოს თავმჯდომარე ახლა ვალდებულია, სამი დღის ვადაში ჩახსნას საპარლამენტო სია, რის შემდეგაც უკვე ინდივიდუალურ განცხადებებზე იმსჯელებენ და „კონკრეტული თარიღების მიხედვით“ შეიტანენ პარლამენტში.
„ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი, პრინციპული პოლიტიკური გაერთიანება, რომელმაც პირველივე წუთს, რაც დადასტურდა გაყალბება და მიტაცება საპარლამენტო არჩევნების ივანიშვილის მხრიდან, თქვა სიტყვა, რომელიც შეასრულა. პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს სიტყვის ფასი, რასაც კოალიცია „ძლიერი საქართველო“ აკეთებს, ჩვენ ვთქვით, რომ როგორც კი გაჩნდებოდა პირველივე სამართლებრივი შესაძლებლობა სიების ჩახსნის და არა რაღაც გამოგონილი ვერსიები, ამას გავაკეთებდით და გავაკეთეთ, დღესვე, პირველივე დღეს, როცა ამის შესაძლებლობა გახდა შევიტანეთ სიების ჩახსნის შესახებ გადაწყვეტილება და განცხადება“, – თქვა ირაკლი კუპრაძემ.
25 ნოემბერს პარტიული სიის ჩახსნის მოთხოვნით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა „კოალიციამ ცვლილებისთვის“. თენგო თევზაძის განცხადებით, როდესაც ცესკო-ს თავმჯდომარე პარტიულ სიას ჩახსნის, მიმართავენ პარლამენტს მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით. „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ თქვა, რომ მისი ხელმოწერით განცხადებას პარტია დღეს შეიტანს ცესკოში.
„გახაირა საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ბექა ლილუაშვილი ამბობს, რომ მანდატებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებენ „მაშინ და იმ ფორმით, როცა ამას გადავწყვეტთ“.