ჩიქოვანი: დასანანი და გაუგებარი იყო აშშ-ის მხრიდან „ღირსეული პარტნიორის" გადადება 

პუბლიკა

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი, ირაკლი ჩიქოვანი „დასანანს და გაუგებარს“ უწოდებს აშშ-ის მხრიდან სამხედრო სწავლების „ღირსეული პარტნიორის” შეჩერებას.

აშშ-მა საქართველოსთან „ღირსეული პარტნიორის“ სამხედრო სწავლება „განუსაზღვრელი ვადით“ გადადო. ინფორმაცია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა 5 ივლისს გაავრცელა.

ირაკლი ჩიქოვანმა „ქართული ოცნების“ პარლამენტში, სადაც მთავრობას ამტკიცებენ, იმედი გამოთქვა, რომ ასეთი გადაწყვეტილებები „გადაიხედება, გადატვირთვის პოლიტიკიდან გამომდინარე”.

„დასანანი იყო და გაუგებარი აშშ-ს მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება „ღირსეული პარტნიორის“ გადადებასთან დაკავშირებით. გეტყვით იმასაც, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ გვქონდა არაერთი წვრთნები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რომლებსაც ვატარებდით სხვადასხვა მიმართულებით და ვიმედოვნებთ, რომ ასეთი გადაწყვეტილებები საბოლოო ჯამში იქნება გადახედილი გადატვირთვის პოლიტიკიდან გამომდინარე“. – თქვა ირაკლი ჩიქოვანმა.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ერთად დაგეგმილი სამხედრო წვრთნები, „ღირსეული პარტნიორი“ (Noble Partner), რომელსაც საქართველო 2016 წლიდან მასპინძლობდა, საქართველოსთან პოლიტიკის გადახედვის ფარგლებში, განუსაზღვრელი დროით გადადო.

მიზეზად აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა დაასახელა საქართველოს „მთავრობის ცრუ ბრალდებებით შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური სუბიექტების მიმართ, თითქოს ისინი ზეწოლას ახდენენ საქართველოზე, გახსნას მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაზე ზეწოლის შესამსუბუქებლად, და თითქოს მონაწილეობა მიეღო საქართველოს ხელისუფლების გადატრიალების ორ მცდელობაში“.

პენტაგონის მაშინდელი განცხადების თანახმად, „შეერთებული შტატების მთავრობამ განსაზღვრა, რომ ახლა შეუფერებელი დროა საქართველოში მასშტაბური სამხედრო წვრთნების ჩასატარებლად“.