„ფორმულას“ ცნობით, გურამ როგავას კისერთან ხერხემლის მალის და სახის ძვლის მოტეხილობა აქვს

პუბლიკა

ტელეკომპანია „ფორმულას“ ცნობით, გუშინდელ აქციაზე ნაცემ ჟურნალისტს, გურამ როგავას კისერთან ხერხემლის მალის მოტეხილობა, ასევე სახის ძვლის მოტეხილობა თვალთან.

გუშინდელ საპროტესტო აქციაზე დაშავდა „ფორმულას” ჟურნალისტი, გურამ როგავა. კადრებში ჩანს, რომ პოლიციელი ჟურნალისტის მიმართულებით გარბის, რის შემდეგაც გურამ როგავა ძირს ეცემა. პოლიციელმა მას, სავარაუდოდ, ჩაარტყა და გაიქცა.

შსს-ს ცნობით, აქციის მიმდინარეობისას სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173-ე მუხლების შესაბამისად დაკავებულია 43 პირი.

შსს-ს ცნობით, აქციაზე მომხდარ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353 -ე პრიმა და 187-ე მუხლის მეორე ნაწილებით მიმდინარეობს.

შსს-ს ცნობით, აქციაზე დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 32 თანამშრომელი.

რუსთაველის გამზირზე მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა მომიტინგეების დაკავება, დევნა, მათზე ძალადობა. ხელისუფლებამ მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი, რომელშიც ასევე ცრემლსადენი ნივთიერებები იყო შერეული.

საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე მას შემდეგ დაიწყო, რაც 28 ნოემბერს „ქართული ოცნების” სახელით ირაკლი კობახიძემ განცხადა, რომ აჩერებს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკების პროცესს.