„ქართველები ევროპელები არიან, საქართველოს მომავალი ევროპაშია და ამას მათ ვერავინ წაართმევს“, – ამის შესახებ მოლდოვას პრეზიდენტი, მაია სანდუ სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„მოლდოვა გმობს ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ და სოლიდარობას უცხადებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ქართველ ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლაში“, – წერს სანდუ.
28 ნოემბერს საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების“ სახელით ირაკლი კობახიძემ განცხადა, რომ აჩერებს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკების პროცესს.
რუსთაველის გამზირზე მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა მომიტინგეების დაკავება, დევნა, მათზე ძალადობა. ხელისუფლებამ მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიყენა ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი, რომელშიც ასევე ცრემლმდენი ნივთიერებები იყო შერეული.
შსს-ს ცნობით, აქციის მიმდინარეობისას სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173-ე მუხლების შესაბამისად, დაკავებულია 43 პირი. შსს-ს ცნობით, აქციისას დაშავდა 32 სამართალდამცავი.