გუშინდელ აქციაზე შსს-ს გამოძიება პოლიციელზე თავდასხმის მუხლით აქვს დაწყებული

პუბლიკა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე აცხადებს, რომ გუშინ აქციაზე მომხდარ „დანაშაულებთან დაკავშირებით” გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით არის დაწყებული. კერძოდ, საუბარია, 353-ე პრიმა და 187-ე მუხლის მეორე ნაწილზე, რაც პოლიციელზე თავდასხმას და ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

„გუშინ გამართულ აქციაზე აქციის მონაწილეების მიერ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებების შედეგად, შსს-ის 32 თანამშრომელი დაშავდა. ასევე, აქციის მონაწილეებმა დააზიანებს საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარედ არსებული ინფრასტრუქტურა, გზის საფარი და ვიდეო სამეთვალყურეო კამერები. აქციის მიმდინარეობისას სამართალდამცავების მიერ პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად, დაკავებულია 43 პირი.

აქციაზე მომხდარ დანაშაულებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლის მეორე ნაწილებით არის დაწყებული. შსს-ის და მისი შესაბამისი დანაყოფები დღესაც იქნებიან მობილიზებული დაგეგმილ აქციაზე და დაიცავენ საზოგადოებრივ წესრიგს”, – განაცხადა დარახველიძემ.

28 ნოემბერს საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე მას შემდეგ დაიწყო, რაც  „ქართული ოცნების“ სახელით ირაკლი კობახიძემ განცხადა, რომ აჩერებს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკების პროცესს.

რუსთაველის გამზირზე მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა მომიტინგეების დაკავება, დევნა, მათზე ძალადობა. ხელისუფლებამ მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიყენა ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი, რომელშიც ასევე ცრემლმდენი ნივთიერებები იყო შერეული.

შსს-ს ცნობით, აქციის მიმდინარეობისას სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173-ე მუხლების შესაბამისად, დაკავებულია 43 პირი. შსს-ს ცნობით, აქციისას დაშავდა 32 სამართალდამცავი.