„რადიო თავისუფლება“: ჩვენი პროდიუსერი პოლიციამ პარლამენტთან დააკავა, უცნობია მისი ადგილსამყოფელი

პუბლიკა

„რადიო თავისუფლების“ ცნობით, მათი პროდიუსერი, ბექა ბერაძე პოლიციამ პარლამენტთან დააკავა და ბოლო ოთხი საათია [03:00 საათიდან] ცდილობენ გაარკვიონ სად არის ის. მედია ამბობს, რომ ბერაძე პარლამენტის უკანა შესასვლელთან დააკავეს.

მედიაგამოცემა წერს, რომ აქვთ ვიდეომასალა, რომელშიც ბექა ბერაძე დაკავებამდე პოლიციელებს ეკითხება რაზე არ დაემორჩილა მათ. გამოცემა ამბობს, რომ დაკავებამდე ის ძმასთან, თორნიკე ბერაძესთან და მეგობართან ერთად იყო. თორნიკე ბერაძე ასევე დაკავებულია და ავჭალის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. აღნიშნულზე ინფორმაცია „რადიო თავისუფლების“ ცნობით, ოჯახს პოლიციამ შეატყობინა.

28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე თქვა, რომ „ქართული ოცნება” გაწევრების შესახებ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს აჩერებს. მისი თქმით, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებენ  ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს და ასევე 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.

ამ გადაწყვეტილებას მესამე დღეა თბილისსა და სხვა ქალაქებში მოქალაქეები აპროტესტებენ. პარლამენტთან აქციებზე პირველი ორი დღის განმავლობაში ჯამში 150-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. სპეცრაზმი იყენებს წყლის ჭავლს, ცრემლმდენ გაზს, წიწაკის სპრეის, სცემს აქციის მონაწილეებს. უცნობია რამდენი ადამიანი დააკავა 1 დეკემბრის ღამეს პოლიციამ. აქცია ამ წუთებში თსუ-ის პირველ კორპუსთან გრძელდება.