საია: ბოლო 4 დღეში ცხელ ხაზზე მივიღეთ ინფორმაცია აქციაზე დაკავების 200-ზე მეტ შემთხვევაზე

პუბლიკა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, 28 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით, სამართლებრივი დახმარების ქსელის ცხელ ხაზზე მიიღეს ინფორმაცია დაკავების 200-ზე მეტი შემთხვევის შესახებ.

დაკავებულთა შორის არიან არასრულწლოვნები, ქალები, ჟურნალისტები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლები.

საიას განცხადებით, მხოლოდ გუშინ – 30 ნოემბერი-1 დეკემბრის აქციის დროს 50-ზე მეტი პირი დააკავეს, მათ შორის 39 ადვოკატებმა მოინახულეს იზოლატორებში.

„დაკავებულთა დიდი ნაწილი საუბრობს პოლიციის მხრიდან სასტიკ მოპყრობაზე და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე.

ხშირია სამედიცინო დახმარების საჭიროება, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა არ ხდება.

პირადი ნივთების მიზანმიმართული ჩამორთმევა, მათ შორის მობილური ტელეფონების დაკარგვის ან მოპარვის ფაქტები.

სასამართლო პროცესები მიმდინარეობს სამართლებრივი სტანდარტების უგულვებელყოფით, რაც ართულებს ადვოკატების მუშაობას.

დაკავებულთა ჯანმრთელობის დაზიანებების შემთხვევები სასამართლოს მხრიდან იგნორირებულია”. – აცხადებს საია და მოითხოვს: 

  • დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ყველა დაკავებული.
  • შეწყდეს მათ მიმართ საქმის წარმოება.
  • უზრუნველყოფილი იყოს ადვოკატების მიერ დაკავებულთა უფლებების სრულფასოვანი დაცვა.