შსს-ის განცხადებით, თბილისში საპროტესტო აქციაზე პოლიციელებზე თავდასხმისა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ბრალდებით 17 და 21 წლის პირები დააკავა, მათ 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
დაკავებულები არიან 2007 წელს დაბადებული მ.გ. და წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი – 2003 წელს დაბადებული გ.მ.
უწყება ამბობს, რომ საქმე 29 ნოემბრის აქციას ეხება. შსს-ის განცხადებით, გ.მ-მ პიროტექნიკის სროლით სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენა დაზიანება შსს-ის თანამშრომელს. ხოლო მ.გ-მ იმავე დღეს პარლამენტის შენობისკენ ისროლა ცეცხლმოკიდებული ნივთი, რის გამოც პარლამენტის შენობის ერთ-ერთ ოთახში ხანძარი გაჩნდა.
გარდა ამისა, შსს ამბობს, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელებზე თავდასხმისა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ბრალდებით სამი პირია დაკავებული.
უწყების განცხადებით, მუნიციპალური ქონების და კერძო პირების საკუთრების დაზიანებაზე და ამ ნივთებით ბარიკადების აღმართვაზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 187-ე [მუხლი 187. ნივთის დაზიანება ან განადგურება] და 353-ე პრიმა [წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ] მუხლებით.
შსს ასევე აცხადებს, რომ მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით დაკავებულია ჯამში 224 ადამიანი.
დაკავებულთაგან თბილისის საქალაქო სასამართლოს წარედგინა 98 პირის ადმინისტრაციული საქმის მასალები, რომელთაგან საქმის წარმოება დასრულდა 74 პირის მიმართ, მათგან 36 დააჯარიმეს.
დასრულებული 74 საქმიდან, 36 ადამიანი დააჯარიმეს, 34-ს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.
4 ადამიანს მისცეს შენიშვნა.
სხვა დაკავებულების პროცესები სასამართლოში გრძელდება.