იოსელიანი: აბსოლუტურად მიუღებელია, როცა პოლიცია თავის უფლებამოსილებას ამეტებს

პუბლიკა

სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის თქმით, საპროტესტო აქციებზე დაკავებული 156 ადამიანიდან 124 აცხადებს, რომ მის მიმართ განხორციელდა ძალადობა, არაადამიანური მოპყრობა. იოსელიანის თქმით, ეს დაკავებულთა თითქმის 80%-ია.

„ეს ძალიან შემაშფოთებელი რიცხვია, იმიტომ, რომ თუ დავაკვირდებით დინამიკას, მათ შორის წინა მანიფესტაციების, საგანგაშოდ იზრდება იმ მოქალაქეების რიცხვი, რომლებიც აცხადებენ, რომ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებას ჰქონდა ადგილი. ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ პოლიციას, რომ არ გასცდნენ კანონით დადგენილ ნორმებს და გამოიყენონ მხოლოდ ლეგიტიმური ძალა მოქალაქეების მიმართ, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ყველა ასეთ შემთხვევაზე მოახდინოს უმკაცრესი რეაგირება“, – განაცხადა იოსელიანმა.

ლევან იოსელიანის შეფასებით, „აბსოლუტურად მიუღებელია, როდესაც პოლიცია თავის უფლებამოსილებას ამეტებს”.

მისივე თქმით, როდესაც კონკრეტული ადამიანები არ ისჯებიან ასეთი გადაცდომებისთვის, ეს შემდგომ უფრო და უფრო ბრუტალურ სახეს იღებს.

„ზოგადად, მე ასეთ შემთხვევებს ვუწოდებ სიმხეცეს, ვინაიდან წარმოუდგენელია ადამიანებს ასე მოექცე, დაესხა თავს – განსაკუთრებით ჟურნალისტებს, რომლებიც თავიანთ მოვალეობას ასრულებენ და გადასცემენ ინფორმაციას, რაც მათი კონსტიტუციური უფლებაა.

ნამდვილად არ მიჭირს იმის შეფასება, რასაც ვხედავ და ნამდვილად არ მიჭირს იმის თქმა, რომ აბსოლუტურად მიუღებელია, როდესაც პოლიცია თავის უფლებამოსილებას ამეტებს. რაც მთავარია, ასეთ ქმედებებს უნდა მოჰყვეს კონკრეტული პასუხისმგებლობა. აქ მთავარი საკითხი ის არის, რომ როდესაც კონკრეტული ადამიანები არ ისჯებიან ასეთი გადაცდომებისთვის, ეს შემდგომ უფრო და უფრო ბრუტალურ სახეს იღებს […]

ჩვენ ვნახეთ ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობის აქტები, ვნახეთ მოქალაქეების მიმართ უპრეცედენტო თავდასხმა და ძალადობა, რომელსაც არანაირი გამართლება არა აქვს. ამ ფაქტებთან დაკავშირებით იმავე დღეს გავაკეთე საკმაოდ მკაცრი განცხადებები, სადაც მოვუწოდე ხელისუფლებას და განსაკუთრებით პოლიციას, თავი შეიკავონ ძალადობისგან, ხოლო დამნაშავეების მიმართ გატარდეს შესაბამისი ზომები.

მოვუწოდებ სამართალდამცველებს, იმოქმედონ კანონით დადგენილი ნორმების თანახმად და გამოიყენონ მხოლოდ და მხოლოდ ლეგიტიმური ძალა. ამასთან, ვთხოვ აქციის მონაწილეებს, მაქსიმალურად ეცადონ არ გასცდნენ პროტესტის მშვიდობიანი გამოხატვის ფორმებს“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.