თუ უცხოეთში გადაყვანის საჭიროება იქნება, სახელმწიფო აიღებს პასუხისმგებლობას - სარჯველაძე აქციაზე დაშავებულ 22 წლის ბიჭზე

პუბლიკა

„მინდა დავამშვიდო ყველა, თუ პაციენტის სამკურნალოდ, უცხოეთში გადაყვანის საჭიროება იქნება, სახელმწიფო, სრულად აიღებს პასუხისმგებლობას“,– განაცხადა „ქართული ოცნების“ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ  აქციაზე დაშავებული 22 წლის ბიჭის მდგომარეობის შესახებ საუბრისას.

მისი განმარტებით, ამ ეტაპზე, პაციენტის გადაყვანის საჭიროება არ დგას, დღეს, ქართული ჯანდაცვის სისტემა სათანადო სიმაღლეზეა, ამიტომ არცერთ პაციენტს არავის დახმარება არ დასჭირდება.

„მე არ მგონია, რომ ეს პაციენტის მხარდაჭერის და დახმარების სურვილით ნაკარნახები იყოს, უფრო მეტად ცალკეულ ადამიანებს თავის გამოჩენის სურვილი აქვთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არავითარი საჭიროება, რასაც სახელმწიფო ვერ გასწვდება და ვერ შეძლებს, დღის წესრიგში არ დგას.“ – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

3 დეკემბრის აქციაზე დაშავებული 22 წლის კაცი, ალექსი თირქია მედიკამენტური ძილის ქვეშ იმყოფება.

ის ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული და არის კომატოზური ძილის მდგომარეობაში.

ექიმის თქმით, კაცი კლინიკაში შეიყვანეს სკალპის ღია ჭრილობით, შუბლის ძვლისა და თვალბუდის ზედა კიდის კედლის მოტეხილობით, შუბლის წილის კონტუზიური დაზიანებით.

მისივე განცხადებით, თვალის კაკლების მთლიანობა ტრავმული დაზიანების გარეშე შენახულია, აქვს გარსებში ტრავმული სისხლჩაქცევა.

მას ოპერაცია ჩაუტარდა.

ექიმისვე თქმით, პაციენტი ამბობს, რომ ჰქონდა ტრავმა ბლაგვი საგნით, თუმცა, ვინაიდან გონება დაკარგა და მომხდარს ზუსტად ვერ იხსენებს.

ექიმის თქმით, თირქიას ოპერაციის ჩაუტარდა განმეორებითი კომპიუტერული ტომოგრაფია უარყოფითი დინამიკის გარეშე. მისივე განცხადებით, ჭრილობაში უცხო სხეული არ უნახავთ.

ახალგაზრდა კაცს სახეზე სავარაუდოდ სპეცრაზმის მიერ ნასროლი გაზის კაფსული მოხვდა.

დაშავებულის ბიძამ, იოსებ ჩანადირმა ინგოროყვას კლინიკასთან ჟურნალისტებს უთხრა, რომ ალექსიმ ბებიას დაურეკა და უთხრა, რომ ალყაში იყო და ამ საუბრის დროს მის მეგობარ გოგოს ფეხში, ხოლო თავად მას სახეში, წარბის არეში, მოხვდა ე.წ. გაზის კაფსული.

იოსებ ჩანადირისვე თქმით, ალექსი თირქიას ორივე მშობელი ემიგრაციაშია.