პროკურატურის განცხადებით, პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე სისხლის სამართლის წესით დაკავებულ 3 პირს ბრალდება წარუდგინეს. უწყების ცნობით, სამივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
დაკავებულთაგან ერთს ბრალად ედება პიროტქნიკით განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლის დაზიანება, მეორეს პარლამენტზე დამონტაჟებული სამეთვალყურეო სისტემისთვის ცეცხლის წაკიდება, ხოლო მესამეს პარლამენტის ოთახისთვის ცეცხლის წაკიდება.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 29 ნოემბერს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, ერთ-ერთმა ბრალდებულმა პიროტექნიკა ესროლა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით ადგილზე მყოფ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს. შედეგად, ერთ-ერთმა მათგანმა ფეხის არეში დაზიანება მიიღო დამწვრობის სახით.
გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ამავე დღეს, მეორე ბრალდებულმა ცეცხლი წაუკიდა პარლამენტის შენობის ფასადზე დამონტაჟებულ საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრ 112-ის ბალანსზე არსებულ სამეთვალყურეო სისტემას.
რაც შეეხება კიდევ ერთ ბრალდებულს, გამოძიებამ დაადგინა, რომ მან 1-ელ დეკემბერს, საპროტესტო აქციის მიმდინარეობის დროს, ცეცხლი წაუკიდა პარლამენტის შენობის ერთ-ერთ ოთახს, რა დროსაც დაზიანდა და განადგურდა ოთახში არსებული ნივთები“, – წერია განცხადებაში.
პროკურატურა ამბობს, რომ სამივე მათგანი 1-ელ დეკემბერს დააკავეს.
28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე თქვა, რომ „ქართული ოცნება” გაწევრების შესახებ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს აჩერებს. მისი თქმით, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებენ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს და ასევე 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.
ამ გადაწყვეტილებას მეექვსე დღეა თბილისსა და სხვა ქალაქებში მოქალაქეები აპროტესტებენ. სპეცრაზმი იყენებს წყლის ჭავლს, ცრემლმდენ გაზს, წიწაკის სპრეის, სცემს აქციის მონაწილეებს. ბოლო ცნობით, აქციებზე სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად დაკავებულია 5 პირი, ხოლო დმინისტრაციული წესით – 293 პირი.