პოლიცია ჩხრეკას ატარებს ილიაუნის ლექტორის საბა ჯაჯანიძის სახლშიც.
„საბასთან მივიდნენ ახლა სახლში“ – დაწერა საბა ჯაჯანიძის მეუღლემ, ანა კვანჭილაშვილმა სოციალურ ქსელში.
მანამდე ანა კვანჭილაშვილი წერდა:
„დედაჩემს მიადგა 4-5 ადამიანი ლურჯ ფორმებში სახლში. გაზი უნდა შევამოწმოთო. არ უღებდა კარს. შემოვლეწავთო. გააღო დედაჩემმა კარი. დახვდათ დაზაფრული ტყუპები. თქვენ მე დაგასრულებთ ამ ტერორისთვის! დაჩხრიკეს სახლი სრულად და დაათვალიერეს ყველაფერი. გულის შეტევა აქვს დედაჩემს. სასწრაფო გამოვუძახეთ. მე არ ვარ მასთან, ახლა გავდივარ“.
იურისტი თამარ გურჩიანი სოციალურ ქსელშიწ ერს, რომ პოლიციელები მოწმის და ადვოკატის გარეშე ატარებენ ჩხრეკას.
„საბა ჯაჯანიძის ბინაში გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე (გადაუდებელი აუცილებლობა) ტარდება საგამოძიებო მოქმედება (ბინის ჩხრეკა) მოწმის და ადვოკატის გარეშე. ადვოკატის მოსვლამდე გადავიღე ეს ლაივი. საბა არის ჩემი მეგობრის, ანა კვანჭილაშვილის მეუღლე“,- წერს იურისტი თამარ გურჩიანი.
შინაგან საქმეთა სამინისტრო პარტიების ოფისებსა და აქტივისტების სახლებში შევიდა.
ჩხრეკა „დაიტოვეს“ წევრის, აქტივისტ ილია ღლონტის სახლში დაიწყო. ჩხრეკის შემდეგ დალუქეს და წაიღეს მისი მობილური ტელეფონი და ლეპტოპი. აქტივისტის სახლში კანონსაწინააღმდეგო არაფერი ამოუღიათ. „დაიტოვე“ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ფეისბუქჯგუფია, რომელიც 236 ათასზე მეტ ადამიანს აერთიანებს. ჯგუფში აქტიურად განიხილება პროტესტი „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ.
ილია ღლონტის შემდეგ პოლიციამ „დაიტოვეს“ დამფუძნებლის, ნენსი ვოლანდის (ქრისტინა ბოტკოველი) სახლში გადაინაცვლა. რამდენიმესაათიანი ჩხრეკის შემდეგ სახლიდან წაიღეს აირწინაღი, წიწაკის სპრეი და ტელეფონი.
დააკავეს „დაფიონის“ წევრი ზვიად ცეცხლაძე. დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
„ჩვენი ახალგაზრდული მოძრაობის დამფუძნებელი და ლიდერი ზვიად ცეცხლაძე დააპატიმრეს. პირდაპირ ქუჩიდან აიყვანეს. ამ ეტაპზე სხვა არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს“, – წერს „დაფიონი“.
პოლიციაა შესული მოძრაობა „ნაბიჯში“.
გამომძიებელმა თქვა, რომ „ოფისში, სავარაუდოდ, ინახება კანონსაწინააღმდეგო ნივთები/ნივთიერებები“ და გადაუდებელი ღონისძიების საფუძველია ის, რომ შესაძლოა ეს ნივთები გაანადგურონ.
დღეს ასევე, ოპოზიციური პარტიების „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ენმ-ისა და „გირჩი-დროას“ ოფისებში პოლიცია ჩხრეკის მიზნით შევიდა.