დღეს დილით პოლიციამ საპროტესტო აქციების მონაწილე ანრი კვარაცხელია საკუთარი ბინიდან აიყვანა.
როგორც ადვოკატი და ოჯახის წევრები ჰყვებიან, მოთხოვნის მიუხედავად, პოლიციელებს არ წარუდგენიათ მათთვის განჩინება და სახლში შესვლის მომენტი იყო ძალადობრივი.
კვარაცხელიას ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ისინი აქციებზე ყავას, პირბადეებს და ფიზიოლოგიურ ხსნარებს არიგებდნენ, რის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალაც არსებობს და ვარაუდობენ, რომ სამართალდამცველების მისვლა სწორედ ამით იყო განპირობებული და ეს არის ანგარიშსწორება აქციის მონაწილეებზე.
კვარაცხელიას ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე „ტვ პირველთან“ საუბრისას ამბობს, რომ კვარაცხელია დილის 8 საათზე დააკავეს საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებმა.
„რაც შეეხება თვითონ ბინის ჩხრეკის და დაკავების ეპიზოდს, მოხდა ისე, რომ არ წარუდგინეს განჩინება ბინაში მცხოვრებ პირებს. სახლში შესვლის მომენტი იყო როგორც ოჯახი აღწერს ძალადობრივი.
[ბრალდება] სავარაუდოდ პოლიციელზე თავდასხმა, რომლის შესახებაც სავარაუდოდ ხვალ დღის განმავლობაში ბრალს წაუყენებენ.
მისი პოზიცია არის ის, რომ, რა თქმა უნდა, აქციაზე იმყოფებოდა, აფიქსირებდა თავის აზრს მშვიდობიანად და მის არანაირ მოქმედებას არცერთი პოლიციელის მიმართ ზიანი არ მოჰყოლია და ზიანი არ მოუყენებია“, – ამბობს ადვოკატი.
საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლების ბინაში შესვლას იხსენებს კვარაცხელიას ცოლი, რომელიც ჰყვება, რომ პოლიციელებს მოთხოვნის მიუხედავად, არაფერი წარუდგენიათ მათთვის ჩხრეკის ნებართვასთან დაკავშირებით. ასევე მას და სახლში მყოფ ანრი კვარაცხელიას დას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ფიზიკურადაც შეეხნენ, „ყელში წაუჭირეს ხელი“.
„ვიღაცა ჩუმად კარებს აღებდა, ხმაური როცა გავიგეთ და ვიკითხეთ ვინ იყო გვითხრა, რომ ჩვენი მეზობელი იყო… ჩვენ ვიცოდით ქვეყანაში განვითარებული მოვლენები, ამიტომ დავეჭვდით, ამიტომ მოვთხოვეთ ეთქვა ვინ იყო, სახელი და გვარი.
ვერც ლაივის ჩართვა მოვასწარით ტელეფონში, გადავიღეთ მხოლოდ და მხოლოდ ვიდეოები, არაფერი არ წარუდგენიათ, ძალიან ცუდად გველაპარაკებოდნენ, მე და ჩემი მეუღლის დას გვაგინეს, ერთ-ერთმა სამართალდამცველმა ყელში წამიჭირა და ტელეფონის გადადგება მომთხოვა, განვუცხადეთ რომ პოლიციაში დავრეკავდით, ეთქვათ მათ სახელები და ზუსტად ვციტირებ „დარეკე მერე არავის არ მოჭამოთო“ ეს იყო მაგათი პასუხი“, – ამბობს კვარაცხელიას ცოლი.
კვარაცხელიას და, რომელიც ასევე იმყოფებოდა ბინაში, ამბობს, რომ ისინი საპროტესტო აქციებზე დადიოდნენ და აქციის მონაწილეებს ყავას, პირბადეებს და ფიზიოლოგიურ ხსნარებს ურიგებდნენ.
„მე უბრალოდ ვეხმარებოდი რომ აქციაზე ყავა, პირბადეები და ხსნარი დაგვერიგებინა, რომ ხალხისთვის მიგვეწოდებინა ეს ყველაფერი. ასევე ჩემი ძმაც ეხმარებოდა და სამივე ერთად ვაკეთებდით ამ ყველაფერს, ამის ვიდეოები და სურათებიც არის“, – ამბობს ანრი კვარაცხელიას და.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 3 ადამიანი დააკავეს.
ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულია 2004 წელს დაბადებული ნ.ჯ., ხოლო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულები არიან 1999 წელს დაბადებული ა.კ. და 1993 წელს დაბადებული ს.ს.
მათ 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.