სტრასბურგის სასამართლომ დავით კეზერაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა

პუბლიკა

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „ფორმულას” დამფუძნებლისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ ე.წ. წვრთნების საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა.

სასამართლომ დაადგინა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა სასამართლოს მიუკერძოებლობის ნაწილში.

გადაწყვეტილების თანახმად, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა ობიექტური [სასამართლოს] მიუკერძოებლობის ნაკლებობაზე.

არ დაადგინა დარღვევა კონვენციის მე-6 მუხლის 1 და მე-3 (სამართლიანი სასამართლოს უფლება) უზენაესი სასამართლოს მიერ ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ განმცხადებლის გამამართლებელი განაჩენის გაუქმების ნაწილში.

სასამართლომ მიუთითა, რომ მოსამართლე შალვა თადუმაძის გენერალურმა პროკურორობამ, მაშინ, როცა კეზერაშვილის საქმე სააპელაციო სასამართლოში განიხილებოდა მოსამართლეთა კოლეგიისთვის ეჭვქვეშ დააყენა სასამართლოს მიუკერძოებლობის საკითხი.

თუმცა, სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების და მისი დასაბუთების განხილვის შემდეგ არ გამოვლინდა, რომ უზენაესი სასამართლოს მიგნებები იყო უსამართლო ან აშკარად არაგონივრული, იმ დონემდე, რომ გავლენა მოეხდინა სასამართლო პროცესის სამართლიანობაზე ან გამოეწვია „სამართლიანობის უარყოფა“.

დავით კეზერაშვილმა სარჩელით სტრასბურგის სასამართლოს 2022 წლის 17 თებერვალს მიმართა. საბოლოო გადაწყვეტილება დიდმა პალატამ 7 მოსამართლის თანხმობით გამოიტანა.

2021 წლის 7 სექტემბერს დავით კეზერაშვილს უზენაესმა სასამართლომ 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. „ფორმულას“ ცნობით, მოსამართლემ კეზერაშვილს თავდაპირველად 10 წელი მიუსაჯა და შემდეგ ეს სასჯელი ამნისტიით გაუნახევრდა. ეს იყო ამ საქმეზე პირველი გამამტყუნებელი განაჩენი.

პროკურატურამ თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალი ერთ-ერთ საწვრთნელ პროექტში 5 მილიონ 60 ათასი ევროს გაფლანგვაში დასდო, თუმცა ბრალი ვერ დაუმტკიცა და ბოლო გამამართლებელი განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2017 წელს გამოაცხადა.

სწორედ ეს საქმე გაასაჩივრა პროკურატურამ უზენაეს სასამართლოში.