თბილისის საქალაქო სასამართლომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ სიის პირველი ნომერი, ნანა მალაშხია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 500 ლარით დააჯარიმა. მას 17 ნოემბერს, თსუ-ის პირველი კორპუსის მიმდინარედ, აქციის დროს გზის გადაკეტვას ედავებოდნენ.
„რა აზრი აქვს ამას, ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი ვიყავი, სამართლებრივი, არ ვიცი, რას აპირებენ, რა ჰგონიათ ამ ადამიანებს, რომ რამე გამაჩერებს მე, ან სხვა ადამიანებს, რომელთა მიმართ უფრო სასტიკი ფორმებით ხდება სამართლებრივიც და ფიზიკური ანგარიშსწორებაც. ზოგჯერ მგონია, რომ რაღაც საშინელებათა ფილმს ვუყურებ, მაგრამ ამ ფილმს ჩვენ ნამდვილად დავასრულებთ, იმიტომ, რომ არცერთი ნაბიჯით უკან დახევას არ ვაპირებთ არც მე, არც ჩემი თანაგუნდელები“, – თქვა ნანა მალაშხიამ.
10 ნოემბერს, სანაპიროზე გზის გადაკეტვის საქმეზე დააჯარიმეს „კოალიცია ცვლილებისთვის“ კიდევ ერთი წევრი, თამარ ზირეკიძე. მან თქვა, რომ პროცესი დაახლოებით 20 წუთში დამთავრდა და მოსამართლე ადვოკატს ნორმალურად კითხვის დასმის საშუალებასაც არ აძლევდა. სასამართლომ ისიც 500 ლარით დააჯარიმა.