სენატორებმა რიშმა და შაჰინმა საგარეო კომიტეტის სხდომაზე საქართველოს საკითხზე ისაუბრეს

პუბლიკა

სენატორმა ჯიმ რიშმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე „მაგნიტსკის აქტის“ განხორციელების შესახებ მოსმენაზე საქართველოზეც ისაუბრა.

„ბოლო ერთი კვირაა, საქართველოს მთავრობა სასტიკად უსწორდება პროევროპელ დემონსტრაციებს. უნდა განვიხილთ, როგორ გამოვიყენოთ ჩვენს ხელს არსებული ბერკეტები ადამიანის საბაზისო უფლებების დასაცავად და როგორ შევინარჩუნოთ გარემო, სადაც ხალხი თავისუფლად ირჩევს მომავალს“, – განაცხადა სენატორმა.

ჯიმ რიშმა განაცხადა, რომ მასა და სენატორ შაჰინს საუბარი ჰქონდათ სალომე ზურაბიშვილთან.

სენატორმა ჯინ შაჰინმა განაცხადა:

„როგორც ვიცით საქართველოში სიტუაცია სულ უფრო მძიმე ხდება. ეს კომიტეტი ქართველი ხალხის მიმართ დიდი ხანია, ერთგულია. ვფიქრობ, ყველანი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს გაუარესებულ პოლიტიკურ ვითარებას.

ბოლო შვიდი დღის განმავლობაში ათასობით ადამიანი ქუჩაში აპროტესტებს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ.

ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ნათლად განვაცხადოთ, რომ ამ საკითხში საქართველოსთან დაკავშირებით სენატსა და კონგრესში ორპარტიული კონსენსუსი არსებობს და არ ვაპირებთ მოქმედების გარეშე შევეგუოთ ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებს, რომლებიც ქვეყანაში ხდება. იმედი მაქვს, რომ პრემიერ-მინისტრი და მმართველი პარტია ამ გზავნილს გაიგებენ“, – განაცხადა მან.

სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბენ კარდინმა განაცხადა, რომ მაგნიტსკის სანქციები, იმედია, დაეხმარება საქართველოს სწორ გზაზე დადგომაში.

„რასაც დღეს საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ქართველი ხალხის წინააღმდეგ, მიუღებელია. ვფიქრობ, ესაა მაგალითი, სადაც სასარგებლო იქნება მაგნიტსკის სანქციები“, – განაცხადა მან.