სენატორი ჯინ შაჰინი სოციალურ ქსელში წერს, რომ ორპარტიული სენატორთა ჯგუფი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა, რათა გამოეხატათ შეშფოთება საქართველოს მთავრობის ძალადობრივი პასუხის შესახებ მშვიდობიანი, პროევროპული პროტესტის მონაწილეების მიმართ. შაჰინი წერს, რომ კონგრესი გააგრძელებს ქართველი ხალხის მიერ დიდი ძალისხმევის შედეგად მოპოვებული დემოკრატიის მხარდაჭერას.
სენატორებმა ზურაბიშვილთან საუბრის შემდეგ ერთობლივი განცხადებაც გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია:
„დღეების განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა იყენებს მშვიდობიანი პროტესტის უფლებას არაკონსტიტუციური გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც უგულებელყოფს ქართველთა დიდი უმრავლესობის მისწრაფებებს, რომლებსაც მომავალი ევროკავშირში სურთ.
ქართველი ხალხის მიმართ არსებობს ძლიერი, ორპარტიული და ორპალატიანი მხარდაჭერა. ამას უნდა ჰქონდეს შეხსენების ფუნქცია „ქართული ოცნებისთვის“, რომ აშშ-ის პოლიტიკა უცვლელი დარჩება უახლოეს თვეებში“.
სენატორები მიესალმებიან ბაიდენის ადმინისტრაციის განცხადებას მისი განზრახვის შესახებ, რომ გამოიყენოს მიზანმიმართული სანქციები იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრასა და ხალხის წინააღმდეგ ძალადობაზე. სენატორები იმედოვნებენ, რომ გადაიდგმება ნაბიჯები ამ პროცესის დასაჩქარებლად.