მსახიობები, რეჟისორები და ხელოვნებათმცოდნეები თეატრალურ უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ და მოეთხოვათ რექტორთან შეხვედრა, რათა მისთვის თავის მხრივ მიმდინარე მოვლენების, მათ შორის, ძალადობის გაპროტესტება.
ისინი შეხვდნენ კიდეც რექტორ გიორგი მარგველაშვილს, რომელმაც თქვა, რომ „დაელოდება გამოძიების დასრულებას“.
მსახიობები, რეჟისორები, ხელოვნებათმცოდნეები ახლა მარჯანიშვილის თეატრთან ინაცვლებენ და მათგან პროტესტს მოითხოვენ. ასევე, მივლენ მოზარდ-მაყურებელთა და გრიბოედოვის თეატრებთან.
გუშინ, 5 დეკემბერს დააკავეს მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე. უცნობია, კონკრეტულად რა მუხლით წარუდგენენ მას ბრალს, თუმცა, იმ მუხლების გათვალისწინებთ, რა მუხლებითაც შსს აქციების საქმეზე გამოძიებას აწარმოებს, მას 7-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ჭიჭინაძე დააკავეს ვიდეოს საფუძველზე – შსს ამტკიცებს, რომ მასში ანდრო ჭიჭინაძე „რევოლუციურ სცენარს გეგმავს“.
„გაბრაზებულები რომ ვლაპარაკობთ, თურმე ამის უფლებაც არ გვაქვს. რამდენი რამეც მე ამ აქციებზე მითქვამს, ყველაფერი თუ ჩაწერილი აქვთ, რა ვიცი. ახლა ალბათ ქუჩა-ქუჩა დაგვახვედრებენ ვიღაცებს, რომ გაგვლახონ. რაც არ უნდა გააკეთოთ, როგორც არ უნდა მოგვექცეთ, ჩვენ მაინც ფეხზე ავდგებით, ერთმანეთს ფეხზე დავაყენებთ და გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის ფეხზე დაყენებას“, – ამბობს ერთ-ერთი მსახიობი.