აქტივისტ საბა სხვიტარიძის ადვოკატის, ირაკლი ჩომახაშვილის თქმით, აქციებთან დაკავშირებით დაკავებულ პირებს შორის მხოლოდ მისი დაცვის ქვეშ მყოფი გადაიყვანეს რუსთავში, #6-ე პენიტენციურ დაწესებულებაში, რომელიც მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაა. ადვოკატი სხვიტარიძეზე დაყრდნობით ამბობს, რომ საკანში ანტისანიტარიაა. მისივე თქმით, სახალხო დამცველისგან პირობა მიიღო, რომ დაკავებულს მოინახულებს და საკანსაც დაათვალიერებს.
გარდა ამისა, ჩომახაშვილი მოითხოვს, იუსტიციის მინისტრმა განმარტოს, რა მიზეზითაა სხვიტარიძე გადაყვანილი რუსთავის ციხეში.
„დღეს მოვინახულე საბა რუსთავის #6 პენიტენციურ დაწესებულებაში, რომელიც არის მკაცრი რეჟიმის დაწესებულება. მინდა, აღვნიშნო, რომ ამ აქციებთან დაკავშირებით დაკავებულთაგან მხოლოდ და მხოლოდ საბა იმყოფება ამ ადგილზე და ჩვენთვის გაურკვეველია, რატომ. მე ვთხოვ, იუსტიციის მინისტრმა გააკეთოს განცხადება, რა მიზეზით მოხდა ეს. ასევე შევატყობინე სახალხო დამცველს და დაუყოვნებლივ მოვითხოვე საბასთან ვიზიტი, მათ შორის, ამ კონკრეტულ საკანში ვიზიტი, ვინაიდან ამ საკანში არის ანტისანიტარია და არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. მისივე განმარტებით, რა თქმა უნდა, სახალხო დამცველისგან მიიღო პირობა, რომ საბას მოინახულებენ და ამ კონკრეტულ საკანსაც ნახავენ, მათ შორის. ჩემთვის სწორედ ეს არის გაუგებარი და პირველი შემთხვევა, რომ ბრალდებული მოათავსეს არა გლდანის მე-8 დაწესებულებაში, არამედ რუსთავის და მეც და საბაც ამას ვუკავშირებთ შურისძიებას. ამიტომ მივმართავ ყველა შესაბამის ორგანოს, დაუყოვნებელი რეაგირებისკენ, ვინაიდან ეს არის შურისძიების საფუძველი, ჩვენი აზრით და მინიმუმ, ეს აზრები რომ გაფანტონ და დაასაბუთონ, რატომ იქცევიან ასე, დაუყოვნებლივ გააკეთონ განცხადება. რაც შეეხება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, კიდევ ერთხელ ვამბობ, დროულად დაიწყეთ გამოძიება საბასთან დაკავშირებით. ამოიღეთ კამერები დიღმის განყოფილების, თუ როგორ შედიან ნიღბიანი ადამიანები ამ განყოფილებაში. მანამდე, სანამ წაიშლება. ჩვენ მოგმართავთ, რომ ესენი შეინახოთ, თუ უკვე წაშლილი არ არის“, – ამბობს ირაკლი ჩომახაშვილი „ტვ პირველთან“.
პროკურატურის ცნობით, ს.ს.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ადვოკატმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საბა სხვიტარიძის თქმით, დაკავების შემდეგ, პოლიციის შენობაში მასზე ფიზიკურად იძალადეს.
„საბას აქვს დაზიანებები. მისი განმარტებით, დაკავების შემდეგ პატრულის თანამშრომლებმა გადასვეს ტოიოტა ქემრის მანქანაში, სადაც იყვნენ პოლიციის თანამშრომლები. ზოგს ჰქონდა პოლიციის აღმნიშვნელი ნიშანი, ზოგს არა. ჩამოიყვანეს ამ შენობაში. გამომძიებლები გავიდნენ ოთახიდან და შემოვიდნენ ნიღბიანი პირები და მასზე ფიზიკურად იძალადეს ამ შენობაში მეხუთე სართულზე“, – ამბობდა ადვოკატი.