ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს განცხადებით გამოეხმაურა და „ქართულ ოცნებას” მოუწოდა, მოახდინოს საქართველოში არსებული ვითარების დეესკალაცია.
EEAS მუთითებს აქციის მონაწილეების დაკავებებზე, მათ მიმართ არასათანადო მოპყრობასა და ძალადობაზე და ხაზს უსვამს, რომ ამ ძალადობის ჩამდენ არც ერთ ადამიანს პასუხი არ უგია.
განცხადებაში წერია:
„თითქმის ორი კვირაა, ქართველი ხალხი იცავს თავის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს და აწყდება პოლიციის მხრიდან სასტიკ, უკანონო ძალის წინაშე გამოხატვას თავისუფლების უფლების გამოყენებისას.
აქციის მონაწილეებისა და ოპოზიციის ლიდერების თვითნებური დაკავება გრძელდება, მედიის წარმომადგენლები სამართალდამცავი ორგანოების და არაფორმალური ძალადობრივი ჯგუფების კონკრეტული სამიზნეები არიან.
დაკავებულია 400-ზე მეტი ადამიანი.
გავრცელებული ინფორმაციით, 300-ზე მეტმა განიცადა ძალადობა და არასათანადო მოპყრობა, ბევრი საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას.
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და საქართველოს სახალხო დამცველის შემაშფოთებელი ცნობები მიუთითებს მძიმე და განზრახ ძალადობაზე, რაც ზრდის შეშფოთებას წამებასა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ.
მიუხედავად ამ ცნობებისა, ჯერჯერობით არც ერთ პოლიციელს ან არაფორმალური ძალადობრივი ჯგუფების წევრებს პასუხი არ უგიათ.
ევროკავშირი გმობს ამ რეპრესიულ ქმედებებს მომიტინგეების, მედიის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის ლიდერების მიმართ და მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ყველა დაკავებული პირი.
ევროკავშირი ითხოვს, შეწყდეს ფართოდ გავრცელებული დაშინება, პოლიტიკური დევნა, წამება და მოქალაქეების არასათანადო მოპყრობა. ფუნდამენტური უფლებები, როგორიცაა მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლება, უნდა იყოს დაცული საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად.
წამებისა და არასათანადო მოპყრობის ყველა ბრალდება სარწმუნოდ უნდა იყოს გამოძიებული. მოვუწოდებთ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს და სახალხო დამცველს, გააგრძელონ საქართველოში ადამიანის უფლებების ფართოდ გავრცელებული დარღვევების დოკუმენტირება.
ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას”, მოახდინოს დეესკალაცია და ბოლო მოუღოს იმ გარემოს, რომელიც ქართველ ხალხს ძვირი ფასი უჯდება. ძალადობა არ არის პასუხი მომიტინგეების მოთხოვნებზე საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მომავლის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ მოქმედებამ გამოიწვია ევროკავშირში გაწევრების პროცესის დე ფაქტო შეჩერება. მუდმივმა დემოკრატიულმა უკუსვლამ და საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოყენებულმა რეპრესიულმა საშუალებებმა გავლენა მოახდინა ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე.
ევროკავშირი დამატებით ზომებს განიხილავს 16 დეკემბერს საგარეო ურთიერთობათა საბჭოს სხდომაზე.
ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს და მათ დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს”.