„ქართული ოცნების“ პარლამენტმა მხარი დაუჭირა კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაყოფას მხარი დაუჭირა. „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებითვე, სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე იქნება. ის ირაკლი კობახიძემ 18 ოქტომბერს წარადგინა.
რაც შეეხება კულტურის მინისტრს, თინათინ რუხაძე „ქართული ოცნების“ პარლამენტმა უკვე დაამტკიცა. თეა წულუკიანი, რომელიც მანამდე მინისტრის თანამდებობას იკავებდა, ამჟამად „ოცნების“ პარლამენტში დეპუტატია.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ არსებული სამინისტროს ნაცვლად დარგობრივი სამინისტროების დამოუკიდებლად შექმნა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კულტურისა და სპორტის სფეროებში „სახელმწიფოს გაცხადებული სტრატეგიული მიზნების მიღწევასა და დასახული ამოცანების ეფექტიანად განხორციელებას“.
„ორივე სფერო განსხვავდება თავისი სპეციფიკით, რაც დარგობრივი პოლიტიკის განხორციელებისას განსხვავებული მიდგომების გამოყენებას საჭიროებს, შესაბამისად, სამინისტროს, როგორც ამ სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკისა და მმართველობის განმახორციელებელ ორგანოს ფუნქციები მეტად ეფექტიანად განხორციელდება საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორად გაყოფის შემთხვევაში“, – წერია განმარტებით ბარათში.
25 ნოემბერს პარტია „ქართული ოცნება“ პარლამენტის შენობაში შეიკრიბა და გარეთ საპროტესტო აქციის ფონზე მე-11 მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის პროცედურა ჩაატარა.
როგორც კონსტიტუციონალისტები და იურისტები ამბობენ, არჩევნების შედეგების, შესაბამისად, 150-ვე დეპუტატის არჩევის კანონიერების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრების პერიოდში დეპუტატების უფლებამოსილების ცნობა უკანონო და არაკონსტიტუციურია.
მათი შეფასებით, საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებამდე უფლებამოსილებაცნობილი პარლამენტის გადაწყვეტილებებს, მათ შორის, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას და პრეზიდენტის არჩევას, ლეგიტიმაცია ვერ ექნება.