დააკავეს რონდელის ფონდის მკვლევარი ვატო ბჟალავა

პუბლიკა

განახლება:

მეგობრების ინფორმაციით, ვატო ბჟალავა დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციის მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

დააკავეს რონდელის ფონდის მკვლევარი ვატო ბჟალავა.

მისი მეგობრის, აქტივისტ ნათია ჩიქოვანის თქმით, ბჟალავა ძაღლს ასეირნებდა – „ხეზე მიაბმევინეს, სახლშიც არ ააყვანინეს, ისე გაიტაცეს. არ არის ორთაჭალის განყოფილებაში და ვეძებთ”, – თქვა ნათიამ.

ვატო ბჟალავა მონაწილეობდა მსახიობების საპროტესტო აქციაში, ვინაიდან ის თეატრალური კუთხითაც საქმიანობს.

ასევე, მონაწილეობდა საპროტესტო აქციაში, რომელიც რამდენიმე დღის წინ იუსტიციის სახლში გაიმართა და სადაც მოქალაქეებმა სერვისის მისაღებად მისულ მოქალაქეებს და იუსტიციის სახლის თანამშრომლებს გაფიცვისა და პროტესტისკენ მოუწოდეს.

გუშინ, 11 დეკემბერს ვატო ბჟალავა მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზე გამოძიებაც 225-ე და 239/1 მუხლებით მიმდინარეობს.

225-ე მუხლი ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობას გულისხმობს, ხოლო 239​/1 მუხლი – ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდებას.

„დღეს ვიყავი საქალაქო სასამართლოში მოწმის სტატუსით, მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაკითხვაზე. საქმე ეხებოდა სისხლის სამართლის დანაშაულს ჯგუფურ ძალადობასთან დაკავშირებით.

კითხვები იყო ძალიან ზოგადი (გაუთქმელობის ფიცი დამადებინეს და დეტალებს ვერ მოვყვები)

ეს ყველაფერი ემსახურება დაშინებას, ზეწოლას და წნეხს საკუთარ მოსახლეობაზე.

ამიტომ არ შეშინდეთ, აუცილებლად მოითხოვეთ მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაკითხვა და არ მიხვიდეთ განყოფილებაში!

იყავით მშვიდად და დაუჯერეთ ადვოკატის რჩევებს. თქვენ გაქვთ კონსტიტუციური უფლება, არ გასცეთ კითხვას პასუხი, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას თქვენს წინააღმდეგ.

ჩემმა დაკითხვამ ძალიან მარტივად ჩაიარა, წავიკითხე ლექცია, ბოლოს ბევრი მაქეს და გამომიშვეს

იყავით მხნედ და აქციაზე”. – წერდა ვატო ბჟალავა გამოკითხვის შემდეგ.