ადვოკატი გიორგი ტაბატაძე ამბობს, რომ დაკავების შემდეგ განყოფილებაში ვატო ბჟალავას პოლიციელი ფიზიკურად გაუსწორდა – სახეში ორჯერ გაარტყა ხელი და წვივის არეში ფეხი ჩაარტყა. ადვოკატის თქმით, ბჟალავასგან მოითხოვდნენ ტელეფონის პაროლს.
„ერთ-ერთი პოლიციელი შევიდა მასთან ოთახში და სთხოვდა ტელეფონზე პაროლს და ეუბნებოდა ეღიარებინა, თუ რომელი დაჯგუფების წევრი იყო. ვატომ უპასუხა, რომ არანაირი ასეთი ჯგუფის წევრი არ ყოფილა და ტელეფონის პაროლსაც არ მისცემდა. რის შემდეგაც ეს ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა მას, სახეში გაარტყა ორჯერ სილა და წვივის არეში ჩაარტყა ფეხი, რის შედეგადაც ფეხზე აღენიშნება სისხლნაჟღენთის სახით დაზიანება“, – თქვა ადვოკატმა „მთავარ არხთან“.
„ფორმულას“ ეთერში საუბრისას გიორგი ტაბატაძე ამბობს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში მითითებულია, რომ თითქოს ბჟალავა პოლიციას წინააღმდეგობას უწევდა, თუმცა გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ დაკავებული სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულ პოლიციას წინააღმდეგობის გარეშე გაჰყვა.
ვატო ბჟალავა 12 დეკემბერს თბილისში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე აიყვანეს. ის ანალიტიკურ-კვლევითი ცენტრის, „რონდელის ფონდის“ მკვლევარია. ნათია ჩიქოვანის ცნობით, ბჟალავა იმ დროს წაიყვანეს, როცა ძაღლს ასეირნებდა – „ძაღლი ხეზე მიაბმევინეს, სახლშიც არ ააყვანინეს, ისე გაიტაცეს“. მისივე ინფორმაციით, დაკავებული მოინახულა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა.
ბჟალავა დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციის მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობას გულისხმობს.