საპენსიო სააგენტოს განცხადებით, 2024 წლის დეკემბრიდან მთავარმა საინვესტიციო ოფიცერმა, გოგა მელიქიძემ, თანამდებობა დატოვა.
სააგენტოს ცნობით, გოგა მელიქიძე კარიერას კერძო სექტორში, ცენტრალურ აზიაში გააგრძელებს. საინვესტიციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობას ლევან ვერძეული შეასრულებს, რომელიც საპენსიო სააგენტოში 2020 წლიდან საინვესტიციო სამსახურის უფროსის მოადგილის პოზიციას იკავებს.
„გოგა მელიქიძე საპენსიო სააგენტოს 2020 წლის აპრილიდან შემოუერთდა და მისი ხელმძღვანელობით საინვესტიციო გუნდმა გადამწყვეტი როლი ითამაშა საპენსიო რეფორმის წარმატებით განხორციელებასა და საპენსიო აქტივების გონივრულ მართვასა და ინვესტირებაში.
საპენსიო სააგენტოს გუნდი მადლობას უხდის გოგა მელიქიძეს მნიშვნელოვანი წვლილისთვის და წარმატებებს უსურვებს მომავალ საქმიანობაში. სააგენტოში მუშაობის პერიოდში საპენსიო აქტივების მოცულობამ 6.0 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ხოლო საინვესტიციო მოგება 1.4 მილიარდ ლარს აღემატება“, – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.