იუკნევიჩიანე EU-ს ქვეყნებს: დაასანქცირეთ არჩევნების გაყალბებასა და ძალადობაზე პასუხისმგებელი პირები

პუბლიკა
ევროპარლამენტარმა რასა იუკმევიჩიანემ სტრასბურგში გამართულ დებატებზე საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა.

მან ევროკავშირის წევრ ქვეყნებს სანქციების დაკისრებისკენ მოუწოდა.

დაკავებულია 500 ადამიანი, ნაცემი და ნაწამებია ასობით, მათ შორის ჟურნალისტებიც, მაგრამ აქციაზე უფრო და უფრო მეტი ადამიანი გამოდის. საქართველო მაგალითი ხდება იმისა, თუ როგორ შეუძლია რუსეთის გავლენას გასროლის გარეშე გადააქციოს დემოკრატიული სისტემა ავტორიტარულ რეჟიმად. მაგრამ საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა, შესაბამისად ევროკავშირის ინსტიტუტების დავიწყება არ შეიძლება“.

ევროპარლამენტარმა საქართველოში პროევროპულ აქციებსა და სალომე ზურაბიშვილის სტრასბურგში გამგზავრებაზე განაცხადა.

„სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი, ევროპული საქართველოს ლიდერი ახლა გზაშია სტრასბურგისკენ, ევროპული დემოკრატიის ცენტრისკენ, რათა ჩვენ მოგვმართოს. როცა გასულ კვირას საქართველოში ვიყავი, ვნახე იმედიანი ადამიანები ევროკავშირის დროშებით. ისინი ამ დროშებს არამხოლოდ დედაქალაქში, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის პატარა სოფლებშიც წევენ.

იუკნევიჩიანეს თქმით, მისი პოლიტიკური პარტიის პოზიციაა, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა და გამოსავალი მხოლოდ ახალი არჩევნების ჩანიშვნაა.

„ჩემი ჯგუფის, EPP-ის პოზიცია ნათელია. საპარლამენტო არჩევნები მოიპარეს. ჩვენ ვერ ვხედავთ საქართველოს დახმარების გზას გარდა ახალი არჩევნებისა. სალომე ზურაბიშვილი ერთადერთი ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტია ხალხის მიერ მანამ, სანამ ახალი არჩევნები ჩაინიშნება. მოვუწოდებთ წევრ ქვეყნებს, რომ სანქციები დაუწესონ არჩევნების გაყალბებაზე პასუხისმგებელ და მშვიდობიან დემონსტრანტებზე მოძალადე პირებს.

მოვუწოდებთ ქვეყნების ლიდერებსა და მინისტრებს, მათ შორის ჩვენს კომისიას, არ დააყოვნონ თბილისში ჩასვლა ევროპული საქართველოს მისიით. მოვუწოდებ ევროკავშირს, არ მისცეს პუტინსა და მის მარიონეტებს უფლება, რომ ევროპის კონტინენტზე თავისუფლებისა და დემოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლა მოიგოს. ეს იმავე, ნამდვილი მშვიდობისთვისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაა, რომლისთვისაც უკრაინელები იბრძვიან“, – განაცხადა რასა იუკნევიჩიანემ.