„მძიმე დაზიანებები აღმენიშნებოდა, რის გამოც მხედველობის 20%-იც კი დამაკლდა“ - აქციის მონაწილე

პუბლიკა

საქალაქო სასამართლოში დღეს საპროტესტო აქციის მონაწილის გიორგი ჩუტკერაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

როგორც სასამართლოში მყოფმა ჩუტკერაშვილმა „ტვ პირველს“ განუცხადა, სპეცრაზმელების მხრიდან მისთვის მძიმე ფიზიკური დაზიანებების მიყენების მიუხედავად, რის გამოც მას მხედველობის 20% დააკლდა, ოქმში ჩაწერილია, რომ მას მხოლოდ ნაკაწრები ჰქონდა.

„მე ძირითადად ზურგის და თავის არეში მქონდა დაზიანება. ოქმში ჩაწერილი იყო, რომ, ნაკაწრები მქონდა, არადა მძიმე დაზიანებები აღმენიშნებოდა, რის გამოც მხედველობის 20%-იც კი დამაკლდა. ხულიგნობასა და უმისამართო გინებას მედავებიან, რომელიც საერთოდ არ ყოფილა… ეს ყველაფერი ადამიანების დაშინებას ემსახურება“, – ამბობს გიორგი ჩუტკერაშვილი.

3 დეკემბერს საავადმყოფოში მყოფმა ჩუტკერაშვილმა მედიას უამბო, თუ როგორ სასტიკად სცემეს ის სპეცრაზმელებმა:

„დამაგდო ვიღაც სპეცრაზმელმა. მაგ დროს ვიღაცამ კეფაში დამარტყა. იყო მუქარები, „აი, ახლა შენ ნახავ, რაც მოგივა, ცოცხალი თუ გადარჩები საერთოდ“. მანქანაში შემაგდეს. გარეთ მდგომები მაგინებდნენ, დამცინოდნენ, შეძახილები ჰქონდათ, სეირს უყურებდნენ. ვეღარ ვსუნთქავდი, ისე მირტყამდნენ და ვყვიროდი, ღვიძლში ნუ მირტყამთ-მეთქი. რომ ამოვისუნთქე, ჩამოიწია, სახე გამისწორა და „კარგად ხარო?“, მეთქი, კი. მოიქნია ხელი და ცხვირში დამარტყა. ერთმა მითხრა, როგორ ჯანზე ხარ, ვერაფერი გიქენითო; მეორე იძახის, „მოდით, თითი მოტეხეთო“. ხელის მოტეხას შეეცადნენ, ვგრძნობ, რომ სადაცაა მომტყდება ხელი და მაგ დროს შემოვიდა ის უფროსი და უთხრა, რომ მაგას ნუ აკეთებო და კეფაში ნუ ურტყამთო.

მაინც არ გაითვალისწინეს მისი აზრი, მაინც მომხვდა კეფაში ერთი ათჯერ. წიხლი, ფეხი, მუშტი, ხელში რაღაც პლასტმასები ჰქონდათ, ყველაფერი მირტყეს. ფოტო გადამიღეს, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ვიღაცისთვის უნდა ეჩვენებინათ. ეს ჩატები აინტერესებდათ, როგორ აორგანიზებო. მე ვუთხარი, არაფერს ვაორგანიზებ, უბრალოდ, მონაწილე ვარ და ბრაზი გამოვხატე…“, – ჰყვება გიორგი ჩუტკერაშვილი.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ სამართლებრივი დახმარების ქსელის ადვოკატებზე დაყრდნობით ავრცელებს განცხადებას და ამბობს, რომ 2 დეკემბერს დაკავებული პირების უმეტესობა სასტიკად ნაცემია. დაკავებულების თქმით, მიკროავტობუსში მათ სულ მცირე ექვსი სპეცრაზმელი სცემდათ, ძალადობის პროცესში სამართალდამცველები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ.