ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა, ირაკლი კუპრაძემ, გიორგი ვაშაძემ და ზურა ჯაფარიძემ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ ისინი სრულად იზიარებენ პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებას ხელახალ არჩევნებთან დაკავშირებით. გიორგი ვაშაძის თქმით, მზად არიან მონაწილეობა მიიღონ დისკუსიაში ერთადერთ საკითხზე – როდის უნდა ჩატარდეს არჩევნები და რა წესებითა და პირობებში.
„ეუთო/ოდირის დასკვნამ საბოლოოდ დაადასტურა, რომ არჩევნები ახლიდანაა ჩასატარებელი საქართველოში არ არსებობს არც ერთი კომპონენტი, რომლითაც შეიძლება ეს არჩევნები რაიმენაირად ჩაითვალოს ჩატარებულად. ამიტომ ჩვენ ვუერთდებით სალომე ზურაბიშვილის, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას, რაც მან გუშინ გააკეთა. არჩევნების თარიღი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაინიშნოს, ჩვენ მზად ვართ, რომ სწორედ ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუციის მეშვეობით მოხდეს უკვე შეთანხმება არჩევნების თარიღსა და კონკრეტულ პირობებზე და სწორედ პროტესტი, რომელიც არის უპრეცედენტო მასშტაბის და მადლობა მინდა ვუთხრა ყველა ადამიანს, ვინც ამ პროტესტში იღებს მონაწილეობას, ამის ცალსახა დადასტურებაა. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ საერთაშორისო საზოგადოების გამოხმაურებაც ეუთო/ოდირის დასკვნის შემდეგ ცხადყოფს, რომ ამ არჩევნებს ლეგიტიმურად არა თუ მხოლოდ ჩვენ საქართველოს მოქალაქეები, არამედ საერთაშორისო მასშტაბით არავინ არ თვლის, შესაბამისად, ქართული ოცნება გასულია კონსტიტუციური ჩარჩოდან, ის არის თვითმარქვია ხელისუფლება დღეის მდგომარეობით და იმისთვის, რომ საქართველო დაბრუნდეს კონსტიტუციურ ჩარჩოში, აუცილებელია ჩატარდეს ახლიდან არჩევნები და რა თქმა უნდა, გათავისუფლდეს ყველა პოლიტიკური პატიმარი, შეწყდეს ყველა სისხლის სამართლის საქმე, რომელიც თვითმარქვია რეჟიმმა სრულიად უკანონოდ წამოიწყო პატრიოტი ადამიანების წინააღმდეგ“, – თქვა გიორგი ვაშაძემ.
სალომე ზურაბიშვილმა 22 დეკემბერს რუსთაველზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა და თქვა, რომ კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი ფორმულა ახალი არჩევნებია. მისი განცხადებით, ორბელიანების სასახლეში ეპატიჟება არჩევნებში მონაწილე პარტიებს, დამკვირვებელ ორგანიზაციებს, ასევე ბიძინა ივანიშვილს, რათა ილაპარაკონ, როგორ უნდა დაინიშნოს არჩევნები. პრეზიდენტი ამბობს, რომ არჩევნების დანიშვნის რიცხვი 29 დეკემბრამდე უნდა იყოს შეთანხმებული.