აქციების დროს დაკავებული საბა ქევხიშვილი საქალაქო სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. ქევხიშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებოდნენ, რაც სამართალდამცავის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ქევხიშვილი პირველ დეკემბერს დააკავეს და შემდეგ სცემეს. ქევხიშვილიც იხსენებს, რომ მას ერთ-ერთი სპეცრაზმელი გამოელაპარაკა და ჰკითხა, თუ რას აპროტესტებდა, საპასუხოდ მან სპეცრაზმელს საკუთარ მობილურში აქციების მონაწილის, ზვიად მაისაშვილის ცემის ვიდეო აჩვენა.
„იმ დღეს როცა მე ვიყავი, აბსოლუტურად მშვიდობიანად მივედი პოლიციელებს კორდონთან, იქ მოხდა გასაუბრება ჩემსა და პოლიციელებს შორის, მკითხეს რას ვაპროტესტებდი, ვუპასუხე იმ დღის კონკრეტული სათქმელი რაც მქონდა, მაისაშვილის კადრები იყო წინა დღეს გავრცელებული, ვაპროტესტებ ზუსტად იმ ძალადობას, მაგ დროს მოხდა ჩემი დაკავება. ამიყვანეს სამარშრუტოში და იქ მოხდა ფიზიკური და სიტყვიერი ანგარიშსწორება“, – თქვა საბა ქევხიშვილმა „ტვ პირველთან“.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ცნობით, „ნიღბიანმა სპეცრაზმელების მიერ განხორციელებული სასტიკი ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად, მას დაზიანებები აღენიშნებოდა სახის არეში – ცხვირის და ყბის ძვლების, ასევე თვალბუდის მოტეხილობისა და ტვინის შერყევის სახით“.