თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ მეგობრობს MMA მებრძოლ ხამზატ ჩიმაევთან.
კალაძე ხამზატ ჩიმაევს თბილისში შეხვდა. ჩიმაევი კადიროვთან დაახლოებული ადამიანია.
გუშინ, 22 დეკემბერს ხამზატ ჩიმაევმა „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა ფოტოები კახა კალაძესთან ერთად წარწერით: „საქართველო მადლობა თბილი მიღებისთვის“.
კალაძე, მისივე თქმით, მოხარულია, რომ „ასეთი წარმატებული სპორტსმენები სტუმრობენ საქართველოსა და დედაქალაქს“.
„ჩამოსვლის მიზანს რაც შეეხება, არაფერი. უბრალოდ, ტურისტულად ჩამოვიდა საქართველოში. მომავალში კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩამოვა. ჩვენ განვახორციელებთ ისეთ პროექტებს, რომლებიც ახალგაზრდებს მისცემს შესაძლებლობას, თავიანთი ნიჭი სპორტის სხვადასხვა სახეობაში გამოავლინონ და იყვნენ წარმატებულები”. – თქვა კალაძემ.
რაც შეეხება ჩიმაევის ახლობლობას რამზან კადიროვთან, კალაძის თქმით, „არ მეგობრობს ადამიანებთან პოლიტიკური შეხედულების გამო”.
ხამზატ ჩიმაევს ჩეჩნეთის პუტინისტ ლიდერთან, რამზან კადიროვთანაც არაერთი ფოტო აქვს გადაღებული. MMA მებრძოლი კადიროვს „უფროს ძმად“ მოიხსენიებს.
4 ოქტომბერს ჩიმაევმა კადიროვს დაბადების დღე მიულოცა და დაწერა, რომ სწორედ ის არის მისთვის მთავარი მოტივატორი.