მერია: თბილისში მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მართვის ცენტრი აშენდა

პუბლიკა

თბილისის მერის განცხადებით, ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის ტერიტორიაზე მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მართვის ახალი ცენტრი აშენდა.

„აღნიშნული პროექტი საშუალებას მოგვცემს, უფრო მეტი ცხოველი გადავიყვანოთ თავშესაფარში სტერილიზაცია-კასტრაციის მიზნით, რაც, როგორც მოგეხსენებათ, მსოფლიოში აპრობირებული ერთადერთი ყველაზე ეფექტური და ჰუმანური მეთოდია ქუჩის ბინადარი ცხოველების რაოდენობის შესამცირებლად“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში მოეწყო და სრულად აღიჭურვა ინდივიდუალური ვოლიერები, ლაბორატორია, საოპერაციო ბლოკი, პოსტოპერაციული სივრცე და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა.

ამასთან, როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ახალი ცენტრი იზოლირებულია არსებული თავშესაფრის შენობისგან და იქ ცხოველების გადაყვანა მხოლოდ სტერილიზაცია-კასტრაციის მიზნით მოხდება, რაც დაავადებების მართვის ეფექტიანობის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია.

კახა კალაძის განცხადება მერიის პრესსამსახურმა გაავრცელა.