პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა 14 წლის მოზარდს, რომელმაც 16 წლის ბიჭი დაჭრა

პუბლიკა

პროკურატურის განცხადებით, არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ასევე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინეს. საქმე ეხება 23 დეკემბერს ზესტაფონის ქუჩაზე მომხდარს, როდესაც 14 წლის ბრალდებულმა 16 წლის ბიჭი დაჭრა.

უწყება ამბობს, რომ შსს-ში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 23 დეკემბერს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 14 წლის ბრალდებულმა 16 წლის არასრულწლოვანს განზრახ სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.109 -ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – წერს პროკურატურა.

ექიმის თქმით, დაჭრილი 16 წლის ბიჭის ჯანმრეთლობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ის რეანიმაციულ განყოფილებაშია.

დაჭრილი არასრულწლოვნის დედა მედიასთან აცხადებს, რომ ბრალდებული ერთ-ერთი დაჯგუფების წევრია და შემთხვევის დროს მასთან ერთად სხვა ნიღბიანი პირებიც იმყოფებოდნენ. მისი თქმით, ბიჭებს შორის პირველად კონფლიქტი 3 წლის წინ მოხდა, რის შემდეგაც მუქარა გრძელდებოდა.