ძიუდოისტმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა ინსტაგრამზე გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ავტომანქანით მოძრაობს, გვერდითა სავარძელზე კი ლომის ბოკვერი ჰყავს. აღსანიშნავია ისიც, რომ ბექაური ავტომანქანით ავტობუსის ზოლში მოძრაობს.
აღნიშნულმა ვიდეომ საზოგადოებში კითხვები გამოიწვია, კერძოდ ბექაურს ნებართვის საფუძველზე ჰყავს კონვენციით მკაცრად დაცული ცხოველი თუ შესაძლო კონტრაბანდასთან გვაქვს საქმე?
საქართველოს სისხლის სამართლის 302-ე პრიმა მუხლის თანახმად, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობის, მისი ნაწილის ან დერივატის არალეგალური ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი ან ზღვიდან ინტროდუქცია, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
შეკითხვაზე, თუ როგორ შეიძლებოდა ლომის ბოკვერი საქართველოში მოხვედრილიყო, თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე გამოცემა „ნეტგაზეთს“ პასუხობს, რომ,- „მხოლოდ და მხოლოდ კონტრაბანდით.”
ზურაბ გურიელიძის განმარტებით, ველური ცხოველის შემოყვანაზე სპეციალურ ნებართვას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გასცემს, წინააღმდეგ შემთხვევაში საბაჟო მას არ გაატარებს:
„როცა ჩვენ ცხოველები ჩამოგვყავს, ყოველთვის ვიღებთ სიტას (CITES) სერტიფიკატს, სხვა შემთხვევაში საბაჟო არ გაატარებს. როცა სიტას სერტიფიკატი გაიცემა, განსაკუთრებით კატისებრებზე, იქ იწერება მიზნობრიობა, თუ რისთვის ხდება ცხოველის შეყვანა, თუ რა არის ექსპორტის და იმპორტის დანიშნულება. ძირითადად ნებართვა გაიცემა არაკომერციული მიზნებით, მისი გაყიდვა აკრძალულია. მხოლოდ და მხოლოდ სამეცნიერო მიზნებით შეიძლება შემოყვანა. დანარჩენს რაც შეეხება, როგორ შემოიყვანეს და საიდან, ცხადია, მე არ ვიცი“,- განმარტავს გურიელიძე.
„პუბლიკა“ ჯერ კიდევ დილით დაუკავშირდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რათა მეტი ინფორმაცია მიგვეღო ბექაურის მიერ გავრცელბულ ვიდეოსთან დაკავშირებით, კერძოდ გაგვერკვია გაცემული ჰქონდათ თუ არა სერტიფიკატი ცხოველის შემოყვანაზე.
„პუბლიკას“ სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, რომ თავადაც დაინტერესებული არიან ფაქტით და აღნიშნულთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას თავადვე გაავრცელებდნენ, თუმცა ამ დრომდე უწყების მხრიდან განმარტება არ გავრცელებულა. ამ დრომდე [17:00]„პუბლიკის“ ზარებს სამინისტროს პრესსამსახურში აღარ პასუხობენ. უწყების მხრიდან პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება.
,,პუბლიკა” ურეკავდა ლაშა ბექაურსაც, თუმცა მან ჩვენს ზარს არ უპასუხა.
განახლება: დღეს, 26 დეკემბერს, ლაშა ბექაურმა სოცუალრ ქსელში დაწერა, რომ „ბოკვერი უკვე ჩვენს ზოოპარკშია“ და ზოოპარკის დირექტორთან, ზურაბ გურიელიძესთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.
დღეს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ აღნიშნული საკითხით დაინტერესებულია და სწავლობს ზედამხედველობის სააგანტო. მათივე თქმით, დამატებითი განმარტებების გავრცელება მოგვიანებით იქნება შესაძლებელი, ვინაიდან საკითხის შესწავლას გარკვეული დრო სჭირდება.