სარეაბილიტაციო-განმავითარებელი ცენტრ „კესანეს” ქცევითი თერაპევტი, სალომე მჭედლიძე ამბობს, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.
რუსთავის მერიის თანახმად, სარეაბილიტაციო-განმავითარებელი ცენტრი „კესანე“ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის სუბსიდიის ფარგლებში ახორციელებს პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირების ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას, ადრეულ ასაკში მათი უნარების, შესაძლებლობების განსაზღვრასა და გარკვეული მიმართულების მიცემას.
მჭედლიძე ჩართული იყო ABA თერაპიისა და რეაბილიტაცია-აბილიტაციის პროგრამებში.
მისი თქმით, მის ხელშეკრულებას 31 დეკემბერს ვადა გასდის, იანვრიდან კი აღარ გაუგრძელებენ.
„დღეს ვიგებ, რომ ყოველგვარი მიზეზის გარეშე მიშვებენ ორივე პროგრამიდან, მიზეზი რომ ვიკითხე, ხელშეკრულება დაგიმთავრდაო და აღარ გიგრძელებთო.
სამართებლივად სწორი დრო შეარჩიეს, რომ არ ეთქვათ პოლიტიკური ნიშნით გიშვებთო!
ამიტომ ვიძახდი, ყოველთვის და ვიტყვი, რომ ეს არის რეპრესიები და გონს უნდა მოეგოთ ყველანი. რამდენს ბედავენ ეს არაადამიანები.
სამარცხვინო უფროსობა, ფულზე გაყიდულები ხართ! არ შეგარჩენთ ამ სიმწარეს”. – დაწერა მან.
„პუბლიკას” სალომე მჭედლიძე ეუბნება, რომ მასთან ერთად გაათავისუფლეს კიდევ ერთი ქცევითი თერაპევტი, „ვინც ასევე ხმამაღლა საუბრობდა ამ რეპრესიების შესახებ და ამ სისტემის მავნებლობაზე”, ხოლო კიდევ ორმა თანამშრომელმა სამსახური მათდამი სოლიდარობის მიზნით დატოვა.
მჭედლიძისვე თქმით, მისთვის არასდროს მიუციათ შენიშვნა სამსახურეობრივი კუთხით.
„ცენტრში ყველაზე მეტი ბავშვი ჩვენ გვყავდა. შესაბამისად, არავინ არ გაითვალისწინეს – არც ბავშვის საჭიროებები და არც მშობლები და ჩვენ ხომ საერთოდ – შემოსავლის გარეშე დაგვტოვეს”. – ამბობს ის.
„პუბლიკა” ცდილობს რუსთავის მერიასთან დაკავშირებას.