„იფიცება საქართველო!“ – 15 იანვარს 15 საათზე 3 საათის განმავლობაში გამაფრთხილებელი გაფიცვა დაანონსდა.
Facebook-ში ჯგუფიც შეიქმნა, სადაც კონსულტაციის მიღების მიზნით მოქალაქეებს დაკავშირება შეუძლიათ.
„დროებით დაკეტეთ თქვენი სამსახურის კარი და განათავსეთ გამაფრთხილებელი ნიშანი – გაფიცვა.
რატომ უნდა გაიფიცო?
გაფიცვით ვაჩვენებთ, რა გველის იზოლაციის პირობებში: გაჩერებული ეკონომიკა, დაკეტილი ბიზნესი, სიღარიბე და უმუშევრობა.
შენ შეგიძლია დააჩქარო არსებული კრიზისის დასრულება. დაითანხმო ხელისუფლება გაათავისუფლოს უდანაშაულოდ დაკავებული 51 აქტივისტი და დანიშნოს ახალი არჩევნები.
როგორც გავიფიცოთ?
დაელაპარაკე შენს თანამშრომლებს, როლებიც იზიარებენ გაფიცვის მოთხოვნებს, დაგეგმეთ გაფიცვა და შეატყობინეთ მენეჯერს ამის შესახებ. თუ მენეჯმენტიდან წინააღმდეგობას შეხვდებით, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ. შეგიძლიათ თქვენი მომხმარებლები წინასწარ გააფრთხილოთ დაგეგმილი გაფიცვის შესახებ. ამ მიზნით შეგიძლიათ თქვენი დასაქმების ადგილზე გააკრათ გამაფრთხილებელი წარწერა“, – აღწერილია ჯგუფში „იფიცება საქართველო“.
უკვე 41-დღეა, რაც რუსთაველის გამზირზე ყოველ საღამოს უწყვეტი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ამ დღეების განმავლობაში გაიმართა არაერთი მრავალათასიანი საპროტესტო მარში პროფესიული თუ სხვა საზოგადოებრივი ჯგუფების მონაწილეობით.
საპროტესტო აქციების ორი მთავარი მოთხოვნაა – ახალი არჩევნების დანიშვნა და საპროტესტო აქციების დროს დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლება.