რუსთაველის გამზირზე დაკავებული შშმ აქტივისტი, გია ჯვარშეიშვილი ალადაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი.
მასთან არის მისი ადვოკატი.
კლინიკის შენობასთან მობილიზებულია პოლიციის რამდენიმე მანქანა.
ჯვარშეიშვილის მეგობრის თქმით, დაკავებული ნაცემია, თუმცა, ხელზე კვლავ ბორკილები ადევს, ხოლო ექიმები მას უხეშად ექცევიან.
„ნერვიული შეტევა აქვს, ცახცახებს, ხტის და ექიმებმა ერთი დამამშვიდებელი არ მისცეს, გინდა თუ არა, ხელი მოგვიწერე რაღაც ქაღალდზეო“. – უთხრა „პუბლიკას” გია ჯვარშეიშვილის მეგობარმა.
„არ გვიშვებდნენ საავადმყოფოში და დიდი ჭიდაობით შევედი. გიას თავზე ედგა 6 თუ 7 პოლიციელი. რენტგენის გადასაღებად პოლიციელთან ბორკილმიბმული შეიყვანეს. აქვს ნერვული შეტევა. საშინელ მდგომარეობაშია და დამამშვიდებელიც კი არ ჰქონდა გაკეთებული. ექიმი მიმტკიცებდა, პაციენტი არ მაძლევს საშუალებას, რომ მივხედოო. ნერვული შეტევით პაციენტს როგორ უნდა მიხედოს, ჩვენ უნდა ვასწავლოთ”. – დაწერა „ფეისბუქზე” გია ჯვარშეიშვილის კიდევ ერთმა მეგობარმა, ნინო კალანდიამ.
გია ჯვარშეიშვილი 11 იანვარს დააკავეს.
ვიდეოში, რომელიც „ახალის” წევრმა, ნანა მალაშხიამ გადაიღო და ჯვარშეიშვილის დაკავებას ასახავს, ისმის ხმა: „მიშველეთ”.
„პუბლიკა” ცდილობს შსს-სთან დაკავშირებას.
ჯვარშეიშვილი ერთხელ უკვე დააკავეს – 1-2 დეკემბრის ღამეს და ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ.
მან თქვა, რომ პოლიციელები გაუპატიურებითაც დაემუქრნენ.
პოლიციელების მხრიდან ცემის შედეგად გია ჯვარშეიშვილმა მიიღო ტვინის შერყევა, ნაღრძობი ჰქონდა ფეხი, მოტეხილი ჰქონდა ნეკნები. მას ასევე ჯიბიდან ამოუღეს მობილური ტელეფონი და საფულე, და წაართვეს ზურგჩანთა.
19 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯვარშეიშვილი პოლიციისთვის დაუმორჩილებლობაში გაამტყუნა, ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 2 200-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.