საელჩო: ინციდენტში დაფიქსირებული პირები აბუ-დაბიში გამოკითხვაზე იმყოფებიან

პუბლიკა

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩოში აცხადებენ, რომ აბუ დაბიში მომხდარ ინციდენტში დაფიქსირებული პირები გამოკითხვაზე იმყოფებიან. ინფორმაციას ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მომხდარზე ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მიმდინარეობს საკითხის მოკვლევა, რა მიზნითაც ინციდენტში დაფიქსირებული პირები გამოკითხვაზე იმყოფებიან“, – აცხადებენ საელჩოში.

იქამდე, პოლიტიკოსმა ზურა ჯაფარიჩემ ფეისბუკზე დაწერა, რომ როგორც მას უთხრეს, „ქართული ოცნების” დეპუტატები ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე დაკავებულები არიან და ხვალ ელოდებიან სასამართლოს.

მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილი, რომელიც 12 იანვარს აბუ-დაბიში „ქართული ოცნების“ დეპუტატებს სიტყვიერად დაუპირისპირდა, მომდევნო დღეს, 13 იანვარს კი  სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ „ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და გელა სამხარაული მას ფიზიკურად უსწორდებიან.

გაბიტაშვილი Facebook LIVE-ში საუბრობს მომხდარის შესახებ. როგორც ის აღწერს, თავად მეუღლესთან ერთად სასტუმროში საუზმობდა, როცა ზარქუა და სანიკიძე მიცვივდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის ვარაუდობს, რომ დღევანდელი თავდასხმა გუშინ მის მიერ გავრცელებული ვიდეოების პასუხია.

„საუზმეზე ჩამოვედი, ამათ ეგონათ, რომ შემეშინდებოდა. სასტუმროში მარტო ვარ, ჩემს მეუღლესთან ერთად, ვიჯექი ჩემთვის და ზარქუამ, ალბათ, გუშინდელმა ვიდეოებმა და მთელმა ტკივილმა, რაც გუშინ მიიღო რუსული ღალატისთვის და პირდაპირ პირში რომ ვეძახე, ამან ვერ მოითმინა და ალბათ, საკალათბურთო მთელმა სფერომ სანიკიძეს ისე დასცინა, მერე ყველამ აიგდო, რომ გამწარებულები, გაგიჟებულები იყვნენ, მომვარდნენ. ამას ხომ ველოდი, ვიცი, ჩვეულებრივი ამბავი, პატარა კაცების ამბავია. არაფრის არ გვეშინია, პროცედურებს ყველაფერს მივყვებით მშვიდად, არც ვნერვიულობ, არაფერი დამშავებია…“ – თქვა გაბიტაშვილმა.

ლაშა გაბიტაშვილმა  აბუ დაბიში პროტესტი გამოხატა „ოცნების“ წევრების მიმართ, მათ სიტყვიერად დაუპირისპირდა და ვიდეოები სოციალურ ქსელში გაავრცელა. მან „ქართული ოცნების“ დეპუტატებს „გამყიდველები, მონები და მოღალატეები” უწოდა.

გუშინ, 12 იანვარს, ლაშა გაბიტაშვილი ირაკლი ზარქუასთან მივიდა და ჰკითხა, იცოდა თუ არა 11-12 იანვრის ღამეს ბათუმში მომხდარი მოვლენების შესახებ, სადაც აქციაზე არაერთი დემონსტრანტი დააკავეს. როგორც ვიდეოში ჩანს ირაკლი ზარქუა კითხვას არ პასუხობს და კამერას თავიდან იშორებს. როგორც კადრები ჩანს, ამის შემდგომ იწყება აღნიშნული სიტყვიერი დაპირისპირება.

მოგვინებით „ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ ვიდეო გაავრცელა სადაც ის და ვიქტორ სანიკიძე მოქალაქეებს ძველით ახალ წელს წინასწარ ულოცავენ და დღეს მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრობენ.

„რაღაც ინციდენტი მოხდა, არ არის ეს რამე საამაყო, უბრალოდ ერთი უნდა ვიცოდეთ ყველამ, ქართველები ვართ, თავმოყვარე ერი. როდესაც ჩემს ოჯახს, ჩემს ახლობლებს ეხებიან, ყოველთვის პასუხი გვექნება და ასე გავცემთ ყოველთვის პასუხს“, – ამბობს ზარქუა.

სანიკიძე ამბობს, რომ ყველაფერი კარგადაა და „უსამშობლოებს“ ყოველთვის გასცემენ პასუხს:

„მადლობა გვერდში დგომისთვის, ყველაფერი კარგად არის, როგორც ირაკლიმ თქვა, ყოველთვის გაეცემა პასუხი ამ უსამშობლოებს, სადაც არ უნდა ვიყოთ. მადლობა კიდევ ერთხელ და ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. მრავალ ძველით ახალ წელს დაესწარით კიდევ ერთხელ, ბედნიერად, ჯანმრთელად“.