გიორგი გახარიასა და ზვიად ქორიძეს, სავარაუდოდ, „ოცნების“ წევრები დაესხნენ თავს

პუბლიკა

ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას და ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს თავს დაესხნენ.

„პუბლიკის“ ინფორმაციით, თავდასხმაში „ქართული ოცნების“ პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები მონაწილეობდნენ. გიორგი გახარია კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმის თქმით, გახარიას ჰქონდა ცხვირის ძვლის მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა. ბათუმში მყოფმა პარტიის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა თქვა, რომ თავდასხმაში „ოცნების“ წევრები დიმიტრი სამხარაძე და გიორგი მანველიძე მონაწილეობდნენ, მისი თქმით, ვერ ამბობენ დანამდვილებით სხვა გვარებს.

„ჩვენ მივწერთ ცენტრალურ ოფისს „შერატონის“, რომ ზეწოლა განახორციელონ ადგილობრივ, აქაურ წარმომადგენლობაზე, რომ მათ ვერ შეძლონ ამის განადგურება [ვიდეო მტკიცებულებების] ეს არის ძალიან სერიოზული მტკიცებულება. ეს არის სისტემური დანაშაული, პოლიტიკური დანაშულია“, – თქვა გოგიჩაიშვილმა.

ზვიად ქორიძე ყვება, რომ გახარიაზე თავდასხმამდე სასტუმრო „შერატონში“ იგივე პირები, სხვა თანმხლებ ადამიანებთან ერთად, მას დაესხნენ თავს. ქორიძე ამბობს, რომ რამდენიმე ადამიანი სასტუმროს ფოიეში სვამდა, თავად კი მარტო იჯადა და ტელეფონზე საუბრობდა.

„არანაირი კომუნიკაცია ჩვენ შორის არ იყო, ვიდრე ერთ-ერთი მაგიდიდან არ მოვიდა ახალგაზრდა კაცი მოიტანა სასმელი, ვისკი ან კონიაკი, ამ შეფერილობის, გილოცავ ახალ წელს და შემომთავაზა ხომ არ მიირთმევთო, მე ვუთხარი, სამწუხაროდ, არ ვსვამ, დიდი მადლობა, მეც გილოცავთ. თვითონ მითხრა მე გიცნობთ, ზვიადი ხარ ქორიძე, მე ვუთხარი ძალიან სასიამოვნოა, თქვენ-მეთქი რომ ვიცოდე, გიორგი ვარ მანველიძე, ამით დამთავრდა ჩვენი კომუნიკაცია, წავიდა, დაჯდა იქ. […] დაახლოებით 5-7 წუთში, ამ დროს მეუღლეს ვესაუბრებოდი, ლიფტის მხრიდან გამოდის დიმიტრი სამხარაძე თავის თანმხლებ ქალბატონთან ერთად, მოდის როალთან, თითქოს უნდა დაკვრა, მერე მიდის იმ სუფრასთან და სუფრიდან უკვე მიზანმიმართულად მოდის ჩემ სავარძელთან და მეუბნება, რომ მე გიცნობ, ხარ ზვიად ქორიძე, ვიცი რაზეც ხარ ჩამოსული და მე ვუთხარი, გასაგებია რომ მიცნობთ, შეიგინა ნაციონალური მოძრაობის მიმართ, მე ჩვეულებრივ გავატარე ეს გინება, მერე მკვეთრი ნაბიჯიც წავიდა კარისკენ, შემოვიდა ისევ და დამიწყო ყვირილი რა თქვი შენ ქოცებზე, ვის აგინებ შენ? მე ვუთხარი ვინ ქოცებზე, ვის ვაგინებ?! და გადავიდა გინებაზე, გადავიდა შეურაცხყოფაზე, ურტყამდა ფეხს ამ მაგიდას, აქ მართლა არ დაურტყამს არაფერი ჩემთვის, რომ დავინახე აიშალა ყველა მაგიდა და წამოვიდა ჩემკენ, დაცვას ვთხოვე მხარდაჭერა, დაცვა ჩაერთო საქმეში, ამ დროს რაღაც ნივთი რომელიმე მათგანმა, მე ვერ ამოვიცნობ ვერანაირად მომარტყა აქ [თვალის არე] და სათვალე მთლიანად დაიმსხვრა, გარკვეული დაზიანებებია რის გამოც ახლა მივდივარ კლინიკაში. მეორემ, ზუსტად ვიცი, რომ გიორგი მანველიძემ აიღო რაღაც ნივთი, რაღაც კერამიკის ქოთანი, რომელშიც იყო მიწა, ისროლა ლობის მაგიდის მიმართულებით, არ ვიცი საგანგებოდ, არ ვიცი ნებით, ამაცილა, დაიმსხვრა ეს ქილა და დაიყარა მიწა. ამის შემდეგ დაცვამ გამიყვანა, იყო მუქარები ჩემი მისამართით, მესმოდა ეს ხმა“, – ამბობს ქორიძე.

გიორგი გახარიაზე თავდასხმასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.