ოზურგეთში მომხდარი ტაძრის გაქურდვის ფაქტზე მხილებულია 2 არასრულწლოვანი - შსს

პუბლიკა

შს სამინისტრო ოზურგეთში ტაძრის გაქურდვის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ეკლესიის გაქურდვის ფაქტი ცხელ კვალზე გაიხსნა და მხილებულია 2 არასრულწლოვანი.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, არასრულწლოვანი ძმები – 2005 წელს დაბადებული გ.კ. და 2007 წელს დაბადებული ი.კ. ოზურგეთში ქურდობის ფაქტზე გამოავლინეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მხილებულებმა მიმდინარე წლის 2 აპრილს, 18:00 საათზე, ოზურგეთის საკათედრო ტაძარში ფარულად მას შემდეგ შეაღწიეს, როცა ტაძრის წინამძღვარმა საღამოს წირვის შემდეგ ეკლესია დატოვა.

არასრულწლოვნებმა ტაძრის შესასვლელ კართან მდებარე შესაწირავის ხის ყუთები დააზიანეს, მათში მოთავსებული ფული მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, არასრულწლოვნები დანაშაულის შესაძლო ჩადენაში მალევე ამხილეს.

სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევის გზით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”, – ნათქვამია განცხადებაში.