მოსამართლემ ანატოლი გიგაურის აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა ძალაში დატოვა

პუბლიკა

მოსამართლე დავით მგელიაშვილმა 25 ნოემბერს საპროტესტო აქციაზე დაკავებული ანატოლი გიგაურის აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა ძალაში დატოვა.

ანატოლი გიგაური 25 ნოემბერს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ბრალდებული, რომელიც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციაში იღებდა მონაწილეობას, ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის მყოფ პატრულ-ინსპექტორს თავს დაესხა და მასზე ფიზიკურად იძალადა“. – განაცხადა მაშინ შსს-მ.

დღეს პროცესზე გიგაურმა თქვა, რომ ის თავის დაცვას ცდილობდა და აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა.

ადვოკატ ლაშა ცუცქირიძის თქმით:

„მოპოვებულია მტკიცებულებები, რომელშიც ჩანს, რომ პოლიციელი ურტყამს ანატოლი გიგაურს. მისი ყველა მომდევნო ქმედება არის უკუპასუხი პოლიციელის მოქმედებაზე, ვინაიდან პოლიციელის აგრესიული მოქმედებისგან მას დაეცვა თავი. შესაბამისად, წარმოუდგენელია, სახეზე იყოს პოლიციელზე თავდასხმა“.