საპროტესტო აქციებზე დაკავებულების მნიშვნელოვანი ნაწილი ახალგაზრდები არიან. ოცნება ახალგაზრდების მიმართ სასტიკია. ოცნების პროპაგანდისტული მედია მათზე ზიზღით და ცინიზმით საუბრობს და ფართო მოსახლეობაში ამ ზიზღნარევი ცინიზმის დამკვიდრებას ცდილობს.
რატომ არის ასე?
ეს კითხვა ბევრს აწუხებს და მათზე რაციონალური პასუხები გვჭირდება. ერთი შესაძლო პასუხი იმ მატერიალურ ყოველდღიურ ცხოვრებაში უნდა ვეძებოთ, რომელიც ოცნებამ ახალგაზრდებისთვის შექმნა. არსებობს ტერმინი NEET (Not in Education, Employment, or Training), რომელიც აღნიშნავს 15-დან 29 წლამდე ახალგაზრდას, რომელიც განათლების, სამუშაოს და გადამზადების შესაძლებლობის გარეშეა დარჩენილი. ანუ არ აქვს არც განათლება, არ აქვს სამუშაო და არ აქვს პროფესიული უნარების შეძენის შესაძლებლობა. ჩვენი ახალგაზრდების თითქმის მესამედი – 26 % ასეთია – NEET-ის კატეგორიას მიეკუთვნება.
საუბარია 174 000 ახალგაზრდაზე, რომლებიც ციდან არ ჩამოცვენილან – ეს ზუსტად ის თაობაა, რომელიც ოცნების მმართველობის პირობებში გაიზარდა და გავიდა შრომის ბაზარზე. როგორ შრომის ბაზარს სთავაზობს ოცნება და მისი მომხრე ან მოწინააღმდეგე ბურჟუაზია ახალგაზრდებს? ყველაზე დაბალანაზღაურებად და დაბალპროდუქტიულ დასაქმების ადგილებს – საცალო და საბითუმო ვაჭრობა, სუპერმარკეტების ქსელები, მომსახურების სფერო – სასტუმრო, კაფე, კურიერობა და სხვ. (გაიხსენეთ ცოტა ხნის წინანდელი გაფიცვა ევოლუშენში).
შრომის ბაზარზე გვაქვს რამდენიმე საინტერესო გარემოება: მაგ. ნახევარ განაკვეთზე მომუშავე ახალგაზრდების რიცხვი მხოლოდ 9%-ა. ამას მთავარი მიზეზი აქვს – ანაზღაურება იმდენად დაბალია, რომ ახალგაზრდებს ურჩევნიათ სრულ განაკვეთზე იმუშაონ. მაგრამ სრულ განაკვეთზე მუშაობა ხშირ შემთხვევაში სწავლისთვის თავის დანებებას ნიშნავს.
ვითარება მოკლედ ასე შეიძლება აღიწეროს: საქართველოში ახალგაზრდების მესამედს არ აქვს არც განათლება, არც სამუშაო და არც პროფესიული უნარები. იმათ დიდ ნაწილს, ვისაც განათლების შესაძლებლობა მიეცა, არ აქვს სამუშაო და თუ სამუშაო აქვს, განათლებას კარგავს. კიდევ უარესი: ჩვენს შრომის ბაზარზე ახალგაზრდების წილი მცირდება, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის მთლიან რაოდენობაში ახალგაზრდების წილი უცვლელია – 13%. ეს ნიშნავს, რომ ახალგაზრდები, რომელთა წილი ისედაც მცირეა საზოგადოებაში, ქვეყანას ტოვებენ და სამუშაოდ მიდიან. მიდიან, როგორც მათი ემიგრანტი მშობლები.
აქ დარჩენილებს კი ყველა მიზეზი აქვთ იმისთვის, რომ ოცნება არ უყვარდეთ და მათ მიმართ სამართლიანი აგრესია ჰქონდეთ – ყველგან, სადაც სახელმწიფოს დაინახავენ – და განსაკუთრებით იქ, სადაც ის ნიღბით, ხელში ჯოხით და პირში გინებით და სიძულვილით გამოჩნდება. ახალგაზრდებს ყველანაირი მიზეზი აქვთ, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება სძულდეთ და ყველანაირი უფლება აქვთ, რომ აგრესია გამოხატონ სახელმწიფოს მიმართ, რომელიც ამშევს, ამცირებს, ცემს და იჭერს.
ოცნებას ყველაზე მეტად ახალგაზრდებთან აქვს დაშავებული, ახალგაზრდებმა ეს იციან, ოცნებამ თვითონაც კარგად იცის და ახალგაზრდების მიმართ ზიზღს ვერ მალავს – იმათ მიმართ, ვინც ოცნების მმართველობითი სისტემის მსხვერპლიცაა, მისი მამხილებელიც და ობიექტურად მომწიფებული ცვლილებების აქტიური მსურველიც. იმ ახალგაზრდების უმეტესობა, ვინც ახლა ოცნების ციხის საკნებში ზის, ხელისუფლების მსხვერპლი იყო დაჭერამდეც და ახლა ორმაგად ისჯებიან იმიტომ, რომ სამართლიანი უკმაყოფილება აქვთ.
და რადგან გაბრაზებული ახალგაზრდები პირველები დგებიან რობოკოპების წინ, სწორედ მათზე ტყდება პირველი ჯოხიც. ისინი პირველ ხაზზე არა მხოლოდ სამშობლოს დაკარგვის შიშმა, არამედ დაკარგულმა ყოველდღიურობამაც გაიყვანა. საზოგადოებამ გათავისუფლების წუთამდე არ უნდა დაივიწყოს ისინი, ვინც ჯართის (რკინის ჯებირის) დაზიანებისთვის ზის, ისინი, ვინც “ხლაპუშკების” სროლისთვის ზის და ისინი, ვინც საერთოდ გაუგებარია რატომ ზის. ისევე, როგორც არ დავიწყებია ჯართის მოპარვისთვის და ბოთლი ლუდის მოპარვისთვის დაჭერილები.