ბიძინა ივანიშვილი კიდევ ერთ შვეიცარიულ ბანკს, Julius Baer-ს უჩივის.
მისი ადვოკატის, ლაშა კალანდაძის განცხადების თანახმად, სამართლებრივი დავის საგანია ბანკის მხრიდან დაკისრებული ვალდებულების შესრულება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა.
ადვოკატი მიუთითებს, რომ Julius Baer-ის მხრიდან ადგილი აქვს პოლიტიკურ შანტაჟს – „მან ე.წ. ამერიკულ სანქციებს დაუქვემდებარა მათი საბანკო ანგარიშები და Julius Baer-იც, ამა თუ იმ ფორმით, ჩართული არის პოლიტიკურ შანტაჟში”.
განცხადების თანახმად:
„სინგაპურში მიმდინარე დავა Credit Suisse-ის წინააღმდეგ წარმატებით დასრულდა. ბერმუდაში მიმდინარე საქმე კი, რომელიც წარმატებით არის დასრულებული პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში, საბოლოო ინსტანციის სასამართლოში განხილული იქნება 2025 წლის ზაფხულში. შვეიცარიაშიც იწყება სამოქალაქო საქმეების განხილვა (შვეიცარიაში დავის საგანს წარმოადგენს იმ თანხების ანაზღაურება, რომლის კომპენსირება ვერ მოიცვა სინგაპურსა და ბერმუდაში მიმდინარე დავებმა)“.
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი წერს, რომ „Credit Suisse-ის უკანონო ქმედებებს გადარჩენილი აქტივების დიდი ნაწილი გადატანილი იქნა სხვა შვეიცარიულ ბანკში (Julius Baer), მათ შორის, ის ანგარიშებიც, რომლებზედაც უნდა განთავსებულიყო ჰეჯ ფონდებიდან შემოსული თანხები”.
განცხადების მიხედვით, ბოლო „Julius Baer-თან ურთიერთობა ბოლო 1 წლის განმავლობაში რადიკალურად შეიცვალა”.
„თითქმის 6 თვის განმავლობაში Julius Baer ჰეჯ ფონდებიდან შემოსული თანხებისთვის განკუთვნილი ანგარიშების (თანხების ბრუნვის) შესახებ ინფორმაციას ზღუდავდა. აღნიშნულის დამადასტურებელი არაერთი მიმოწერა არსებობს; ბიძინა ივანიშვილი ბანკს უხსნიდა, რომ ჰქონდა უფლება, მიეღო ინფორმაცია ჰეჯ ფონდებიდან შემოსული თანხების შესახებ და მოითხოვდა ბანკისგან განმარტებას, რა სამართლებრივ საფუძველზე იზღუდებოდა მისი გარანტირებული უფლება, თუმცა, ბანკი აჭიანურებდა რეაგირებას. მხოლოდ მას შემდეგ, რაც Julius Baer-მა ირწმუნა, რომ ბიძინა ივანიშვილი თავისი უფლებების დასაცავად მიმართავდა სამართლებრივ მექანიზმებს, Julius Baer-მა დაიწყო ინფორმაციით უზრუნველყოფის ვალდებულების შესრულება.
ბოლო პერიოდში კი კვლავ გართულდა ურთიერთობა. ბიძინა ივანიშვილის აზრით, ჰეჯ ფონდებმა (CarVal Credit Value Fund III, Promona Capital VIII და TPG Opportunities Partners III) დაარღვიეს თანხების დაბრუნების ვადები. Julius Baer არის, ხელშეკრულების მიხედვით, ვალდებული, მიიღოს ზომები ჰეჯ ფონდების მიერ ვალდებულების დროულად შესრულებაზე. Julius Baer კი მხოლოდ იტყობინება, რომ წერილებს უგზავნის ჰეჯ ფონდებს, თუმცა არ აკეთებს განმარტებას წერილების შინაარსთან, არც იმასთან დაკავშირებით, რა ქმედებებს ახორციელებს ან განახორციელებს ჰეჯ ფონდების მხრიდან ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად.
რადგან ბიძინა ივანიშვილი ვერ იღებს კანონით გარანტირებულ ინფორმაციას, თუ განმარტებას, თვლის, რომ Julius Baer და ზემოაღნიშნული ჰეჯ ფონდები კოორდინირებულად მოქმედებენ მისი ინტერესების საწინააღმდეგოდ/საზიანოდ“, – აღნიშნავს ადვოკატი.
ლაშა კალანდაძე ასევე წერს, რომ ამ შვეიცარიულ ბანკთან ურთიერთობა გაუარესდა სხვა მიმართულებითაც:
„თავდაპირველად, ბანკმა უარი უთხრა ბიძინა ივანიშვილსა და მისი ოჯახის რამდენიმე წევრს, შეესრულებინა დავალება თანხის გადარიცხვასთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც Julius Baer-მა მიიღო შეტყობინება, რომ სამართლებრივი მექანიზმებს მიმართავდნენ ბენეფიციარები თავიანთი უფლებების დასაცავად, ბანკმა შეასრულა დავალება თანხის გადმორიცხვის შესახებ, თუმცა თითქმის ერთი თვე დასჭირდა აღნიშნული ვალდებულების შესრულებას, არა და, როგორც წესი, ასეთი დავალების შესრულება ერთ დღეში ხორციელდება“.
ადვოკატის წერილისვე თანახმად, 2024 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში Julius Baer „დაემუქრა, რომ პირადი საბანკო ანგარიში უნდა დაეხურა ბიძინა ივანიშვილისთვის, როგორც პოლიტიკურად აქტიური პირისთვის”.
კალანდაძის თქმით, ბანკმა არც კი განმარტა, რატომ დადგა დღის წესრიგში, თან მაინც და მაინც 2024 წლის ბოლოს, პოლიტიკურად აქტიური პირის საფუძვლით პირადი ანგარიშის გაუქმების საკითხი.
წერილის მიხედვით, საბოლოოდ, ივანიშვილს ანგარიში არ დაუხურეს.
„Julius Baer-მა, ბენეფიციარების აზრით, არასწორად (უფრო, სათავისოდ) განმარტა ე.წ. ამერიკული სანქციები და ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს და მის კომპანიებსაც აცნობა, რომ ფაქტობრივად ე.წ. ამერიკულ სანქციებს დაუქვემდებარეს მათი საბანკო ანგარიშები.
ზემოაღნიშნული საკითხები უქმნის ბიძინა ივანიშვილს წინაპირობას, ჩათვალოს/იფიქროს, რომ Julius Baer-ის მხრიდან ადგილი აქვს პოლიტიკურ შანტაჟს და Julius Baer-იც, ამა თუ იმ ფორმით, ჩართული არის პოლიტიკურ შანტაჟში.
რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, ბიძინა ივანიშვილი აპირებს, მათ შორის, უცხოელი ადვოკატების ჩართულობით, დაიწყოს სამართლებრივი პროცედურები Julius Baer-ის წინააღმდეგ ბანკის მხრიდან დაკისრებული ვალდებულების შესრულებისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით”, – აცხადებს ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი.