რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებულ 20 წლის ფრიდონ ბუბუტეიშვილს სასამართლომ 5 წელი მიუსაჯა, – გადაწყვეტილება დღეს მოსამართლე ზვიად შარაძემ გამოაცხადა.
პროკურატურა ბუბუტეიშვილს პარლამენტის ჭიშკრის დაზიანებას ედავებოდა, რამაც 500 ლარის ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილი). ასევე, მეხანძრე-მაშველისთვის ქვის სროლას, რომელიც მას მარცხენა მხარში მოხვდა (სსკ-ის 353 პრიმა მუხლი). ბუბუტეიშვილისთვის წარდგენილი ეს მუხლი 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„პუბლიკის” ხელთ არსებულ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ მეხანძრე-მაშველს სხეულზე გარეგნულად მარცხენა მხრის მიდამოში აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით – განვითარებული რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და ის მიეკუთვნებოდა სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.
მოსამართლე ზვიად შარაძემ ბუბუტეიშვილს 187-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე 2 000 ლარი შეუფარდა, ხოლო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებაზე (353-ე პრიმა მუხლი) 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. საბოლოოდ, სასჯელის შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით ბუბუტეიშვილს 2000-ლარიანი ჯარიმა გაუბათილდა [უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს].
ირაკლი მეღვინეთუხუცესის საქმე
აღსანიშნავია, რომ სასამართლომ 5 წელი მიუსაჯა რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებზე დაკავებულ კიდევ ერთ ბრალდებულ, ირაკლი მეღვინეთუხუცესს. ეს გადაწყვეტილება სასამართლომ 30 დეკემბერს გამოიტანა. მოსამართლე ამ შემთხვევაშიც ზვიად შარაძე იყო.
მეღვინეთუხუცესი რუსული კანონის წინააღმდეგ დაკავებული 10 პირიდან ერთ-ერთია. მასაც ბრალი ორი მუხლით ჰქონდა წარდგენილი – სსკ-ის 273-ე პრიმა მუხლი – მარიხუანის ფლობა – რაზეც მას ამნისტია შეეხო, ხოლო პოლიციელზე თავდასხმის მუხლის საფუძველზე [353 პრიმას პირველი ნაწილი] სასჯელის ზომად და სახედ 5 წელის თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
ის საპროტესტო აქცია დანით იმყოფებოდა, პროკურატურის პოზიციით, მან დანა მოუღერა აქციაზე მყოფ პოლიციელებს. იარაღის წართმევის დროს კი დაზიანება მიიღო პოლიციის თანამშრომელმა.
მეღვინეთუხუცესის ადვოკატის მერაბ ცუხიშვილის თქმით, მეღვინეთუხუცესის განზრახვა არ ყოფილა ვინმეს დაზიანება და რომ მან დანა მხოლოდ სადემონსტრაციოდ ჰქონდა აწეული.