სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ალექსი მამულია და ივანე ჯაფიაშვილი გაათავისუფლეს.
„ალექსი მამულიას და ივანე ჯაფიაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) მიერ ოპერირებადი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი.
საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება.
ცენტრალური ხელისუფლება განაგრძობს აქტიურ მუშაობას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად.
ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად”, – აცხადებენ სუს-ში.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ 26 დეკემბერს უკანონოდ დაკავებულ ალექსი მამულიასა და ვანო ჯაფიაშვილს 6 იანვარს ორ თვიანი პატიმრობა შეუფარდა. ალექსი მამულია გორის სამხედრო ჰოსპიტლის ექიმია.
მამულიას და ჯაფიაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლის მესამე ნაწილით, „წინასწარ განზრახვით, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა პირთა ჯგუფის მიერ” იყო აღძრული.
უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურმა ინფორმაცია 30 დეკემბერს გაავრცელა, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეები, ოკუპირებულ ტერიტორიაზე „დეზერტირის დასახმარებლად გადავიდნენ“.
მათი მტკიცებით, რუსეთის მოქალაქე, გვარად მამარდაშვილი სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებას ცდილობდა, რაშიც მამულია და ჯაფიაშვილი ეხმარებოდნენ. ამავე განცხადებით მიხედვით, მამარდაშვილი რუსეთის სამართალდამცავ ორგანოებს გადაეცა.